კონსპექტი – პირის ბრალდებულად ცნობა.

როგორც უკვე აღინიშნა, პირი ითვლება ბრალდებულად დაკავების ან თუ იგი არ დაუკავებიათ, ბრალდებულად ცნობის მომენტიდან. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულ პირს კანონმდებელი ბრალდებულის უფლებებს ანიჭებს,

ნებიემიერ შემთხვევაში სავალდებულოა დამატებით მისი ბრალდებულის სტატუსის პროცესუალური გაფორმება, რაც ,,ბრალდებულად ცნობის~ გზით უნდა მოხდეს. თუ დაკავებული პირი 48 საათის განმავლობაში შესაბამისი პროცედურების დაცვით ბრალდებულად არ იქნა ცნობილი, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს .

სსსკ-ის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. პირის ბრალდებულად ცნობა ხდება მისთვის ბრალის წაყენების გზით. თუ პროკურორი გადაწყვეტს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მან უდნა მიიღოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და დადგენილების მიღებიდან 24 საათში მას თავად ან გამომძიებლის მეშვეობით უნდა წაუყენოს ბრალი. ბრალი, როგორც წესი წაეყენება უშუალოდ ბრალდებულს, რომელსაც გადაეცემა პროკურორის დადგენილება ბრალდების შესახებ თანდართული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით. თუ ბრალდებული სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით, ამ უკანასკნელს უფლება აქვს დაესწროს ბრალის წაყენების პროცედურას . პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ემალება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევებში გამოძიების პროცესს და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს, კანონი ითვალისწინებს ბრალის წაყენებას ბრალდებულის ადვოკატის მეშვეობით.

ამ დროს ბრალდების მხარე სთავაზობს ბრალდებულს ან მის ახლო ნათესავს ადვოკატის აყვანას და განუსაზღვრავს ამისათვის გონივრულ ვადას. თუ აღნიშნულ ვადაში იგი არ აიყვანს ადვოკატს, მაშინ ბრალდებულს სავალდებულო წესით დაენიშნება ადვოკატი, რომელსაც შემდგომ პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი გააცნობს დადგენილებას ბრალდების შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად .
კანონი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს ზოგიერთი თანამდებობის პირისათვის ბრალის წასაყენებლად. მაგალითად, სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა, ხოლო საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.
ვინაიდან, ბრალდებულად ცნობის შემდეგ პროცესის მწარმოებელი პირის გადაწყვეტილებით პირს შეიძლება შეეზღუდოს ცალკეული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობები და ამით მის ინტერესებს მიადგეს არსებითი ზიანი, კანონი ზუსტად განსაზღვრავს პირის ბრალდებულად ცნობის ვადებს, რომლის გასვლის შემდეგაც ან საქმე განხილვისათვის უნდა გადაეცეს სასამართლოს ან სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება. სსსკ-ის 169-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ახალი ბრალის წაყენებისას ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. მაგალითად, პირს ბრალი ჰქონდა წაყენებული ყაჩაღობისათვის, მაგრამ, ყაჩაღობისთვის ბრალის წაყენებიდან 4 თვის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ დანაშაულთან ერთად მას სავარაუდოდ მკვლელობაც ჰქონდა ჩადენილი. ასეთ შემთხვევაში პირს მკვლელობისთვისაც წაეყენება ბრალი და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com