აღკვეთის ღონისძიება

სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს საპროცესო იძულების ღონისძიებას, რომელიც გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი სასამართლოს მიმართავს დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლი). აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს. მხარე უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე). აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა ან ბრალდებულმა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილი). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახეებია:
→ გირაო,
→ არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა,
→ შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ,
→ პირადი თავდებობა,
→ სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და
→ პატიმრობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com