ლათინური ნოტარიატი

საქართველოში, მსგავსად კონტინენტური ევროპისა, 1996 წლიდან დამკვიდრებულია ლათინური ტიპის ნოტარიატი. 1996 წლის საქართველოს კანონი ,,ნოტარიატის შესახებ’’, რომელიც ლათინური ნოტარიატის პრინციპებს ეფუძნებოდა, დამოუკიდებელი საქართველოს ერთერთ პირველ ფუნდამენტურ ინსტიტუციურ რეფორმას წარმოადგენდა. საქართველოს ნოტარიატი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სავალდებულო წევრობის პრინციპზე, განსხვავებით სხვა, მსგავსი სტატუსის მქონე ორგანიზაციებისაგან, არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სახსრებს წარმოადგენს ნოტარიუსთა სავალდებულო საწევრო შენატანები. 2007 წლიდან საქართველო ლათინური ნოტარიატის კავშირის სრულუფლებიანი წევრია.

წინამდებარე კვლევაში განხილულია ნოტარიუსის სტატუსი სახელმწიფო სისტემებში და ნოტარიუსთა გაერთიანებების მოდელები. კვლევაში დეტალურად არის აღწერილი ნოტარიუსისა და ნოტარიუსთა გაერთიანების თავმჯდომარის არჩევისა თუ დანიშვნის კრიტერიუმები და პროცედურები. დოკუმენტში აქცენტი გაკეთებულია ლათინური ნოტარიატის სისტემის ქვეყნებზე. კვლევაში ლათინური ნოტარიატის სისტემის სახელმწიფოების მაგალითზე (თურქეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, ჩეხეთი, შვეიცარია, ჰოლანდია და ავსტრია) განხილულია შემდეგი ძირითადი საკითხები:

1. ნოტარიუსთა სახეები და მათი პროფესიული ნიშნით გაერთიანების წესი.
ამ ნაწილში ყურადღება ეთმობა ნოტარიუსთა სახეების განხილვას და ნოტარიუსთა თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო მოთხოვნების მიმოხილვას, ნოტარიუსთა მიერ გაერთიანების შექმნასა და გაერთიანების სახეებს.

2. ნოტარიუსთა დანიშვნის წესი და კრიტერიუმები.
განხილულია ნოტარიუსთა დანიშვნის წესი და კრიტერიუმები. ყურადღება გამახვილებულია ნოტარიუსად დანიშვნის დროს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომელიმე რეგიონში ნამსახურობის მოთხოვნაზე.

3. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის არჩევის წესი და კრიტერიუმები.
ნოტარიუსთა გაერთიანების თავმჯდომარის არჩევის წესი და კრიტერიუმები განხილულია როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ ერთეულებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ყურადღება გამახვილებულია თავმჯდომარის არჩევის/დანიშვნის პროცედურულ მხარეზე.

ლათინური ნოტარიატის ზოგადი მიმოხილვა

 1989 წლიდან ლათინური ნოტარიატის სისტემა ფართოდ ინერგება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლათინური ნოტარიატი აერთიანებს რომაულ-გერმანული სამართლის ქვეყნებს: ალბანეთს, ბელგიას, გერმანიას, ესტონეთს, საფრანგეთს, საბერძნეთს, იტალიას, ხორვატიას, ლიტვას, ლატვიას, ლუქსემბურგს, მალტას, მონაკოს, ჰოლანდიას, პოლონეთს, პორტუგალიას, რუმინეთს, რუსეთს, სანმარინოს, შვეიცარიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, უნგრეთს, თურქეთს და სხვ.

ლათინურ ნოტარიატს არ მიეკუთვნებიან ანგლოამერიკული სამართლის ქვეყნები, მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და ამერიკის შეერთებული შტატები. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს, მაგალითად, ლონდონში კონტინენტური სამართლებრივი სისტემის გავლენით შექმნილი ე.წ. ლათინური ტიპის ნოტარიატი და ლუიზიანას შტატი აშშ-ში, სადაც ნოტარიატი ფუნქციონირებს ლათინური სისტემის მიხედვით.  ლათინური ნოტარიატის ძირითადი ნიშანია ნოტარიუსი, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მასზე დელეგირებულ უფლებამოსილებებს, და მისი აქტები გათანაბრებულია საჯარო დაწესებულებებისა და სასამართლოს აქტებთან.  ორგანიზაცია „ნოტარიუსთა საერთაშორისო გაერთიანებამ“ განსაზღვრა და ჩამოაყალიბა ლათინური ნოტარიატის ძირითადი ნიშნები: – ნოტარიუსი არის საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებლი პირი, რომელსაც სახელმწიფოსაგან უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე შეუძლია დაამოწმოს, დაადასტუროს, შექმნას ოფიციალური ძალის მქონე დოკუმენტები; ასევე, კონსულტაცია გაუწიოს მოქალაქეებს სამართლებრივ საკითხებზე. იგი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს თავისუფალი პროფესიის ფარგლებში;

 – ნოტარიუსის საქმიანობა არის საჯარო, ნოტარიუსი არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;

 – სანოტარო დოკუმენტების მიმართ არსებობს კანონიერებისა და ნამდვილობის პრეზუმფცია, რომელიც მხოლოდ სასამართლოს მიერ შეიძლება იქნეს უარყოფილი;

სანოტარო დოკუმენტებს აქვს მტკიცებულების ძალა და ისინი, სასამართლოს გადაწყვეტილებების მსგავსად, აღსრულებადია;  

ნოტარიუსთა საქმიანობის მოქმედების სფერო/იურისდიქცია და ნოტარიუსთა დასაშვები რაოდენობა განსაზღვრულია ეროვნული კანონმდებლობით;

 – ნოტარიუსის საქმიანობა ემსახურება პრევენციულ სამართლებრივ დაცვას, მხარეებს შორის შემდგომი დავების თავიდან აცილებას.

ლათინური ნოტარიატის სახელმწიფოებში, როგორც წესი, იუსტიციის სამინისტრო ასრულებს ზედამხედველობის ფუნქციას.

 ნოტარიუსთა არჩევის წესი და კრიტერიუმები, ასევე, ნოტარიუსთა გაერთიანების პრეზიდენტის არჩევისა თუ დანიშვნის წესი სახელმწიფოთა უმრავლესობაში მსგავია, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, რაც კვლევაში დეტალურადაა განხილული. რაც შეეხება თავდაპირველად რომელიმე რეგიონში მუშაობის ვალდებულებას, კვლევაში განხილულ სახელმწიფოთაგან მსგავსი ვალდებულება მხოლოდ თურქეთში გვხვდება. სახელმწიფოთა უმეტესობაში ნოტარიუსთა საქმიანობის განხორციელების ტერიტორიულ იურისდიქციას განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი და, როგორც წესი, იურისდიქცია ემთხვევა რეგიონში მოქმედი სასამართლოს იურისდიქციას. მაგალითად, პოლონეთში, საფრანგეთსა და რუმინეთში სანოტარო ბიუროს ტერიტორიული იურისდიქცია ემთხვევა ამავე ტერიტორიაზე მოქმედი სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციას, 5 ხოლო ავსტრიაში, ჩეხეთში, ესპანეთსა და იტალიაში სანოტარო ბიუროს იურისდიქცია დამოკიდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს იურისდიქციაზე.

ავტორი: ილია ბოჭორიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com