პროკურატურის მუშაკთა პროფესიული ქცევის ძირითადი სტანდარტები

1.1 სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება.

პროკურატურის მუშაკი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებები გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული მიზნებისთვის და კანონით განსაზღვრული წესით. იგი ვალდებულია მისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულოს კეთილსინდისიერად და სამართლიანად. მისი ქმედება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია ჯეროვნად განახორციელოს მისი საქმიანობა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლობისთვის დაუსვებელია. ახლა კი განვიხილოთ თუ როგორი საქმიანობის განხორციელება ეკრძალება მას:
1. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული მიზნებისათვის და კანონით დადგენილი წესით. პროკურატურის მუშაკმა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები.

2. დაუშვებელია:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, მათ შორის, ფინანსური და სხვა კანონიერი ვალდებულებებისთვის თავის არიდება;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისთვის;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამისათვის; 
დ) პროკურატურის მუშაკის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას;
ე) პროკურატურის მუშაკის მიერ ისეთი პირობის დადება ან ვალდებულების აღება, რომლის განხორციელებაც არ შედის მის უფლებამოსილებაში და შესაძლოა ლახავდეს პროკურატურის ინტერესს;
ვ) პროკურატურის მუშაკის მიერ ნებისმიერი პირისთვის უპირატესობის მინიჭება;
ზ) პროკურატურის მუშაკმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წააქეზოს ან აიძულოს სხვა პირი, მოუტანოს ნებისმიერი სახის სარგებელი მას ან მასთან დაახლოებულ პირს;
თ) პროკურატურის მუშაკი არ  გაუფრთხილდეს საქართველოს პროკურატურის ქონებას;
ი) პროკურატურის მუშაკის თანამდებობაზე დანიშვნის ან დაწინაურების საფუძველი იყოს მისი პროკურატურის სხვა თანამშრომელთან ნათესაური კავშირი;
კ) პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი დროის არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენება არასაპატიო მიზეზით.

1.2 დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა.

პროკურატურის მუშაკი აუცილებელ შემთხვევაში უნდა იყოს დამოუკიდებელი. მისი ქმედება უნდა იყოს მოქცეული სამართლებრივ ჩარჩოებში და არ უნდა გამოხატავდეს მიკერძოების ნიშნებს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის მუშაკი მკაცრად უნდა იცავდეს კერძო ინტერესებისაგან დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებს. მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს თუნდაც შთაბეჭდილების შექმნა მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იგი არ უნდა მოექცეს ცალკეული პირების (მათ შორის, თანამდებობის პირთა და პოლიტიკოსთა), მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა თუ საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ. პროკურორის მუშაობა ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა აკმაყოფილებდეს სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტურობის სტანდარტებს. პროკურატურის მუშაკი პატივს უნდა სცემდეს უდანაშაულობის პრეზუმფციისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს, როგორც უზენაეს სამართლებრივ ღირებულებებს.

1.3 ეფექტიანობა და პროფესიონალიზმი.

პროკურატურის მუშაკი ვალდებული პირია, რომელიც თავის საქმიანობას უნდა უძღვებოდეს პასუხისმგებლობითა და ეფექტიანად. ასევე იგი ვალდებულია პოლიტიკური ნეიტრალობის დაცვით, პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხითა და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობები.

1.4 იურიდიული დახმარება.

პროკურატურის მუშაკმა თავი უნდა შეიკავოს სამართლებრივი კონსულტაციების მიცემის ან/და იურიდიული დახმარების გაწევისაგან ნებისმიერი პირისათვის, თუ ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და საქართველოს პროკურატურის ინტერესებს.

1.5 კოლეგებთან ურთიერთობა.

1. კოლეგებთან ურთიერთობისას პროკურატურის მუშაკი უნდა ხელმძღვანელობდეს პატივისცემისა და პროფესიული სოლიდარობის პრინციპით.
2. პროკურატურის მუშაკი:
ა) ხელს უნდა უწყობდეს კოლეგებს შორის პატივისცემისა და ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს უნდა არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;
ბ) საკუთარ გამოცდილებას უნდა უზიარებდეს იმ კოლეგებს, რომელთა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ამას საჭიროებს;
გ) თავს უნდა იკავებდეს კოლეგის საქმიანობაში თვითნებური ჩარევისაგან;
დ) არ უნდა ითხოვდეს კოლეგისაგან ისეთი მომსახურების გაწევას, რომელიც გაართულებს ან შეაფერხებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
ე) წინასწარ განზრახულად არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში;
ვ) ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს უკმაყოფილებას კოლეგის შეცდომასა და ხარვეზებზე;
ზ) უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სოლიდარობის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა პრინციპებსა და ნორმებს.

1.6 სამსახურებრივი ინფორმაცია

დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი, სხვა კონფიდენციალური ან/და არასაჯარო ინფორმაციის გამჟღავნება ან არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება.

1.7 პერსონალური ინფორმაცია

დაუშვებელია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა ან/და პერსონალური ინფორმაციის კანონით დადგენილი წესის უგულებელყოფით მესამე პირთათვის გამჟღავნება.

1.8 კომენტარები სისხლის სამართლის საქმეზე

1. დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა მუშაკის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს გამოძიების ინტერესებს.

2. დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა მუშაკის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს პროცესის რომელიმე მონაწილეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინტერესი მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე ან ინფორმაციის გამოქვეყნება ემსახურება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიზანს.

3. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია საჯაროდ არ გამოხატოს ისეთი შეხედულება, რომელიც ეწინააღმდეგება პროკურატურის მიერ გატარებულ პოლიტიკას ან/და ბრალდების  მხარის პოზიციას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.

1.9  სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობა

1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას პროკურატურის მუშაკი ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კოდექსით, შიდაუწყებრივი ნორმებით და სტანდარტებით, რომლებიც მიმართულია სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე მხარეთა მიმართ ეთიკური და პროფესიონალური ქცევის უზრუნველყოფისაკენ.

2. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია საქმის განხილვის ყველა სტადიაზე თავი შეიკავოს საქმის განმხილველ მოსამართლესთან როგორც პროფესიული, ისე არაპროფესიული მოტივით ურთიერთობისაგან (საქმის სასამართლო განხილვის მიღმა), მათ შორის, დროულად გამოცხადდეს სასამართლოს სხდომაზე, დაიცვას ოფიციალური ჩაცმულობის სტილი სასამართლოში, თავი შეიკავოს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქმედებებისაგან ან/და განცხადებების გაკეთებისაგან, პროცესის ნებისმიერი მონაწილის მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ან აშკარად ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვისაგან, ასევე საქმისადმი პირადი დამოკიდებულების გამოვლენისაგან.

1.10  შეუფერებელი მდგომარეობა

1. პროკურატურის მუშაკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია პროკურატურის მუშაკის ღირსებისათვის. ამასთან, პროკურატურის მუშაკის ვალია, ღირსეულად იქცეოდეს სამსახურებრივი საქმიანობის მიღმაც და უფრთხილდებოდეს პროკურატურის რეპუტაციასა და სახელს.

2. პროკურატურის ორგანოების შენობებში ალკოჰოლური სასმელის მიღება დასაშვებია მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებათა ფარგლებში.

3. პროკურატურის მუშაკი არ უნდა ჩაერთოს დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ამორალურ ან ნებისმიერ სხვა შეუფერებელ ქმედებაში, რომელიც ლახავს პროკურატურის ინტერესებს ან/და სახელს.

4. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება ნებისმიერი სახის აზარტულ თამაშებში ჩართვა, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ამგვარი ქმედების საჭიროება დგება პროკურატურის მუშაკის სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე.

1.11  სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის გამოყენება

1. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის შენახვისა და ტარებისას.

2. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია, თავი შეიკავოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის საზოგადოებაში დემონსტრირებისაგან, თუკი არ არსებობს ამის საჭიროება.

3. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება კანონით დადგენილი წესის დარღვევით სხვა პირს გადასცეს მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ან სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობა.

სიტყვის განმარტება

მუშაკი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: მუშაკის

რაიმე დარგის სპეციალისტი, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ეწევა.

მედიცინის მუშაკი. ხელოვნების მუშაკი. მეცნიერი მუშაკი.

ავტორი: ილია ბოჭორიშვილი.

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com