საპროცესო შეთანხმების არსი და მისი დადების თანმიმდევრობა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველს. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე, რომლის შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (მსჯავრდებულს), ისე პროკურორს. სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს უფლება აქვს მხარეებს შესთავაზოს საპროცესო შეთანხმების დადება. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალს, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა. ბრალზე შეთანხმებისას კი ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათ ვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე, რომლის დროსაც პროკურორი ითვალისწინებს საჯარო ინტერესს, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეს, ქმედების მართლწინააღმდეგოობას და ბრალეულობის ხარისხს. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება(სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-ე მუხლი). საპროცესო შეთანხმება ფორმდება წერილობით და მტკიცდება სასამართლოს მიერ, რაც აისახება სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ იგი დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და რომ ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 212-ე მუხლი). ბრალდებულს შეუძლია, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია. საპროცესო შეთანხმების განსაკუთრებული ფორმაა ბრალდებულსა/მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარ პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის ან/და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com