საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში არის სისხლის სამართლის პროცესის ძირითადი სტადია, რომლის დროსაც სასამართლოს გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება ბრალდებულის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის შესახებ. სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს → ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლო მოსამართლე. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე განიხილება საქვეყნოობის (→ საქვეყნო (საჯარო) სასამართლო სხდომა) და ზეპირობის პრინციპების (→ ზეპირი სასამართლო სხდომა) მოთხოვნათა დაცვით. ასევე, საყურადღებოა, რომ სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება, ცალკეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლი). ამასთან ერთად, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა. სასამართლოში საქმის განხილვის გადადება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, მხარის, მოწმის ან თარჯიმნის გამოუცხადებლობის ან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემთხვევაში. მხარე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის პირველი ნაწილი). საქმის არსებითი განხილვის სხდომას წარმართავს სხდომის თავმჯდომარე. სასამართლო სხდომა იწყება მოსამართლის მოხსენებით საქმის განხილვის დაწყების შესახებ. სასამართლო სხდომის მდივანი სასამართლოს მოახსენებს მხარეებისა და მოწმეების გამოცხადების ფაქტს და გამოუცხადებლობის მიზეზებს. ამის შემდეგ მოწმედ დასაკითხი პირები, გარდა ბრალდებულისა, ტოვებენ სასამართლო სხდომის დარბაზს. სასამართლოს შემადგენლობის გამოცხადების და პროცესის მონაწილეთა საქმეში მონაწილეობის გამორიცხვის და აცილების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე ადგენს ბრალდებულის ვინაობას განუმარტავს მას უფლებებს. სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ, თუ საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს განმარტებები ნაფიც მსაჯულებს წერილობითი სახითაც გადაეცემა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლი). ვიდრე მხარეები გადავლენ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევაზე, ისინი გამოდიან შესავალი სიტყვით, რომლისთვისაც მათ სხდომის თავმჯდომარესგან განესაზღვრებათ გონივრული ვადა. მტიცებულებათა გამოკვლევა იწყება მხარეების მიერ შესავალი სიტყვების წარდგენის შემდეგ. პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვითონ წარმდგენი მხარე. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, ხოლო დაცვის მხრის წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში – ბრალდების მხარე. მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს მოწმის დაკითხვა ხორციელდება → პირდაპირი დაკითხვისა და → ჯვარედინი დაკითხვის გზით. სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება მხარის მიერ მათი დემონსტრირების ან მტკიცებულების შინაარსის საჯაროდ წაკითხვის გზით. მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ მხარეები გადადიან დასკვნითი სიტყვების წარდგენაზე. დასკვნით სიტყვას პირველად წარადგენს ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე. მხარეებს უფლება არა აქვთ, გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა. თუ საქმეში მონაწილეობს რამდენიმე ბრალმდებელი, ადვოკატი ან ბრალდებული, მაშინ სხდომის თავმჯდომარე მათ სთავაზობს, შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. პროცესის მონაწილეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ტარდება წილისყრა. დასკვნითი სიტყვისათვის სხდომის თავმჯდომარე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. დასკვნითი სიტყვის წარდგენის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ, კიდევ ერთხელ, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, რეპლიკის სახით, მოკლედ გამოთქვან საწინააღმდეგო აზრი ან/და შენიშვნა. საბოლოო რეპლიკის უფლება ნებისმიერ შემთხვევაში აქვს დაცვის მხარეს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 252-ე მუხლი). მხარეთა მიერ დასკვნითი სიტყვების წარდგენისა და რეპლიკით გამოსვლის შემდეგ, ბრალდებულს უფლება აქვს გამოვიდეს საბოლოო სიტყვით. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, დაადგინოს ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ მას შეუძლია შეაჩეროს ბრალდებული, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან ან რომელიც არ გამოკვლეულა პროცესის განმავლობაში. ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ადგილზე თათბირით. თუ საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს კიდევ ერთხელ, რომლის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com