წინასასამართლო სხდომა

წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთ სტადიას, რომელიც ტარდება გამოძიების დასრულების შემდეგ. წინასასამართლო სხდომის ძირითადი მიზანია პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა და საქმის არსებითი განხილვისათვის მომზადება (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე და 220-ე მუხლები). გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამასთან ერთად, იგი განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის სხდომის დაწყების თარიღს; საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსაწვევ პირებს უგზავნის სასამართლო უწყებებს; ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. არსებითი განხილვისათვის საქმე გადაეცემა სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას.

გთავაზობთ ასევე დამატებით საინტერესო სტატიას:

წინასასამართლო სხდომა სისხლის სამართლის პროცესში

1. წინასასამართლო სხდომის ცნება და როლი სისხლის სამართლის პროცესში

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში – სსსკ) არ განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს წინასასამართლო სხდომა თუმცა, სსსკ-ის 219-ე და 220-ე მუხლებში მოცემულია ის ძირითადი საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი სხდომისათვის მოსამზადებლად. სსსკ-ით განსაზღვრულია სასამართლო შეცდომების აღმოფხვრისა და მინიმუმადე დაყვანის მექანიზმები. კანონით დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოში არანაკლებ ორი და ხშირ შემთხვევაში, სამი სხვადასხვა შემადგენლობის მიერ სისხლის სამართლის პროცესისათვის არსებითი საკითხების გადაწყვეტა (მაგ.: პირის ბრალეულობის შესახებ საფეხურებრივად სამი სტანდარტის დაწესება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად აუცილებელი სტანდარტისა; პატიმრობის აუცილებლობის არაერთხელ განხილვის ვალდებულება).1 წინასასამართლო სხდომა მეორე სტადიაა, რომლის საშუალებითაც ხდება გამოძიების, მათ შორის, პირველი წარდგენის დროს დაშვებული შეცდომების აღმოფხვრა და მინიმუმამდე დაყვანა. თუმცა, მთავარი არსი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებელი მნიშვნელობის ქონაა და გადაწყვეტილების მიღება მტკიცების შესაბამისი სტანდარტით გადაეცეს თუ არა საქმე არსებითი განხილვისათვის, ხოლო შეცდომების აღმოფხვრა და მინიმუმამდე დაყვანა არის თანმდევი საზედამხედველო საქმიანობა, რომელიც გარდაუვლად თავისთავად სრულდება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ 219-ე მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციების რეალიზებით.

უფრო ნათელი რომ გახდეს, რას ნიშნავს წინასასამართლო სხდომა, რა განსხვავებებია და მსგავსებები პირველ წარდგენას და არსებით განხილვას შორის, საჭიროა განვიხილოთ ეს ორი სტადია წინასასმართლო სხდომასთან მიმართებაში.

სისხლის სამართლის პროცესი მოიცავს შემდეგ სტადიებს: გამოძიება, წინასასამართლო სხდომა, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში, განაჩენის აღსრულება, აპელაცია, კასაცია, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლადგამოვლენილი გარემოებათა გამო გადასინჯვა. თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დადგომაში.

სისხლის სამართლის პროცესი იწყება გამოძიებით. სსსკ-ის მე-100 მუხლის მიხედვით, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია. ასეთი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. გამოძიება უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობაა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. მას შემდეგ, რაც გამოვლინდება პირი, რომლის მიმართაც წარმოებს გამოძიება და კანონით გათვალისწინებული წესით წარედგინება ბრალი ან დააკავებენ, საქმეზე განაჩენის დადგომამდე იგი იწოდება ბრალდებულად. სწორედ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერება მოწმდება წინასასამართლო სხდომაზე.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომელიც ვალდებულია ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად გამოიძიოს დანაშაული თუმცა, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელად გვევლინება პროკურორი. ბრალდებულსაც აქვს უფლება, წარდგენილი ბრალდებისაგან თავის დასაცავად ჩაატაროს გამოძიება, დამოუკიდებლად აწარმოოს საგამოძიებო მოქმედებები ან მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, რომელიც არსებითად ზღუდავს პირის კანონით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს (მაგ: ამოღება და ჩხრეკა, სსსკ-ის 120-ე მუხლი).

მას შემდეგ, რაც ბრალდებისა და დაცვის მხარე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვებენ და შეკრებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას (შემდგომში მტკიცებულებებს) სასამართლოში საკუთარი პოზიციების წარსადგენად და გასამყარებლად, გაუცვლიან რა, ერთმანეთს იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ (სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის დაცვით), გამოძიების პროცესი მთავრდება და იწყება სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო სხდომაზე განხილვა.

სწორედ წინასასამართლო სხდომაზე განიხილება, მოწმდება გამოძიებისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და შეგროვებული მტკიცებულებების მოპოვების კანონიერება და წყდება მათი დასაშვებობის საკითხი.

მას შემდეგ, რაც გამოძიების სტადიაზე მოპოვებული მტკიცებულებები გადალახავს დასაბუთებული ვარაუდისა და ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტს მთავარი სიტყვა პირის ბრალეულობასა თუ არაბრალეულობასთან დაკავშირებით, ეკუთვნის არსებითი განხილვის სხდომას.

წინასასამართლო სხდომის ჩატარება მიზნად ისახავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ მოხდეს ისეთი მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც კანონის დარღვევითაა მოპოვებული, ხოლო თუ წინასასამართლო სხდომაზე წარდგენილ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა მაღალი ალბათობით ვერ დაარწმუნებს წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს, რომ დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა, მაშინ საქმე საერთოდ არ იქნება არსებითი სხდომისათვის გადაცემული.

წინასასამართლო სხდომისაგან განსხვავებით, საქმის არსებით განხილვაზე ხდება მხარეების მიერ წარმოდგენილი იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც დასაშვებად ცნო წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ. თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, მაშინ სასამართლო გამოიტანს მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება გამამართლებელი განაჩენი.

დასკვნის სახით რომ ვთქვათ, წინასასამართლო სხდომა არის გამოძიების შემდგომი, პირველი სასამართლო სტადია, რომლის დროსაც მხარეები წარადგენენ და სასამართლო ადგენს თუ რამდენად კანონიერად და სამართლის ნორმის დაცვით მოიპოვეს მხარეებმა მტკიცებულებები, რომელთა გამოყენებას ისინი აპირებენ არსებითი განხილვისას. მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვის შემდეგ, მოსამართლე დასაშვებ მტკიცებულებებს ერთობლიობაში ამოწმებს და წყვეტს, ადასტურებენ თუ არა ისინი, მაღალი ალბათობის ვარაუდით, რომ დანაშული ბრალდებულმა ჩაიდინა. წინასასამართლო სხდომის არსებობით, უზრუნველყოფილია სისხლის სამართლის პროცესის სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი, რადგან არსებით სხდომაზე განსახილველად გადაიგზავნება არა ყველა საქმე, ხოლო გადაგზავნის შემთხვევაში მხარეებს უკვე აღარ უწევთ დროის დაკარგვა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე, ისინი გამოიკვლევენ და დასკვნით სიტყვაში გაამახვილებენ ყურადღებას ისეთ მტკიცებულებებზე, რომელიც კიდევ სადავოა მხარისათვის.

1.1. წინასასამართლო სხდომის დანიშნულება

წინასასამართლო სხდომა სისხლის სამართლის პროცესის გარდამავალი სტადიაა. ამ სხდომის დანიშნულება საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის საკითის გადაწყვეტა და მომზადებაა (სსსკ-ის 219-ე და 220-ე მუხლები).

თუ პროკურორი უარს არ იტყვის სისხლისამართლებრივ დევნაზე და ამასთან, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება არ არის დადებული წინასასამართლო სხდომის ჩატარება ყოველთვის სავალდებულოა, ვიდრე სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისათვის გადაეცემა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლე მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ განსაზღვრავს წინასასამართლო სხდომის თარიღს, რომლის დროსაც ითვალისწინებს მხარეთა პოზიციას, საქმის სირთულეს, მოცულობასა და მხარეებს აძლევს საკმარის დროსა და საშუალებას დაცვისა და ბრალდების მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს, 60 დღისა. აღნიშნული ნორმა არის ბრალდებულისათვის ერთ-ერთი დამატებითი გარანტი სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად. სასამართლო პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როცა მაგისტრატმა მოსამართლემ უარი უთხრა ბრალდების მხარეს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან ერთად, წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრაზე. აღნიშნული განჩინება ბრალდების მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა სსსკ-ის 207-ე მუხლით, რადგან სსს კოდექსი ცალკე პროცედურას არ იცნობს გაასაჩივროს მაგისტრატი მოსამართლის უარი წინასასამართლო სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე მაგისტრატ მოსამართლეს მარტო წინასასამართლო სხდომის თარიღის განსასაზღვრად მიმართავდა და მოსამართლე უარს ეტყოდა თარიღის განსაზღვრაზე, მაშინ ბრალდების მხარეს არ ექნებოდა განჩინების გასაჩივრების უფლება და საქმე განუხილველი დარჩებოდა. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლემ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არაუგვიანეს 60 დღისა, რაც ნიშნავს, რომ დაკავებიდან ან ბრალდების წარდგენიდან მაქსიმუმ, 60 დღე არის ის გონივრული ვადა, რომლის შემდეგაც უნდა გაიმართოს წინასასამართლო სხდომა. ამ ვადის დაწესება ემსახურება ბრალდებულის ინტერესების დაცვას და სწრაფი სამართალწარმოების პრინციპის პრაქტიკაში დანერგვას. იმისათვის, რომ დაიწყოს აღნიშნული ვადის დინება, პირი უნდა იყოს დაკავებული ან ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული. ვინაიდან პირი დაკავებისთანავე ითვლება ბრალდებულად, კანონმდებელმა დააკონკრეტა ის შემთხვევაც, როცა იგი არ ყოფილა დაკავებული, მაგრამ ცნობილი იყო ბრალდებულად. აქედან გამომდინარე, წინასასამართლო სხდომის გამართვის მომენტისთვის პირი უნდა იყოს დაკავებული ან მას წარდგენილი უნდა ჰქონდეს ბრალდება, მაგრამ დაკავებიდან ან ბრალდების წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა იყოს გასული 60 დღეზე მეტი.

საქართველოს სსსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა ამ კოდექსით დადგენილ ვადებში. ეს პრინციპი ბრალდებულის უფლების დაცვაზეა მორგებული და იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა სსსკ-ით გათვალისწინებული დადგენილი ვადა, ეს მის სასარგებლოდ უნდა იქნას განმარტებული. შესაბამისად, თუ არ გაიმართა წინასასამართლო სხდომა პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს, 60 დღისა, მაშინ მაგისტრატ მოსამართლეს კანონით უნდა ჰქონდეს მინიჭებული უფლება უარი უთხრას ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრაზე და შეწყვიტოს სისხლისამართლებრივი დევნა, ხოლო პროკურორს თავისთავად უნდა ჰქონდეს უფლება, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს, 60 დღისა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როცა მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით აღნიშნული ვადის გონივრულ ვადამდე გაგრძელების ან შემცირების შესახებ, რის თაობაზეც უნდა აცნობოს მეორე მხარეს, რის შემდეგაც, მეორე მხარე უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრება წერილობით წარუდგინოს 3 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. საინტერესოა, თუ რა ვადა იგულისხმება „გონივრულ ვადამდე გაგრძელებაში“?!

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 60 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, პირი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გარდა ამ კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილი მითითებას ისევ 208-ე მუხლის მე-3 ნაწილზე აკეთებს, რომელიც არ განმარტავს რა ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება გაიმართოს წინასასამართლო სხდომა იმ შემთხვევაში, თუ მხარე სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს წინასასამართლო სხდომის გაგრძელებასთან დაკავშირებით?!

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, „დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს, 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას, აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან.“ ასევე, სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით , „ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან, საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.“ ამ მუხლების ანალიზის მიხედვით ვასკვნით, რომ „გონივრული ვადაში“ მოიაზრება 9 თვე, ხოლო თითოეული ხელახალი დანაშულის შემთხვევაში, წინასასამართლო სხდომის ვადა შეიძლება გაგრძელებულიყო 9 თვე, რომ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N646).3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის დაპატიმრება თანაბრად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით. შესაბამისად, თითოეული სისხლის სამართლის საქმეზე 9‑თვიანი ზღვრული ვადის გამოთვლისას, ამ ვადაში უნდა ჩაითვალოს ის პერიოდი, რომელიც პირმა ბრალდების შემდეგ პატიმრობაში გაატარა მის მიმართ წარმოებული სხვა საქმის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე, მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მსგავსი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე ბრალდებულისათვის კანონით განსაზღვრული პატიმრობის ვადის გაგრძელება ადამიანის უფლებათა ევროპული დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევად იქნა მიჩნეული.

საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს“5 და ზემოთ მოტანილი მსჯელობის მიხედვით ვასკვნით, რომ სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული ტერმინი „გონივრულ ვადამდე გაგრძელებაში“ იგულისხმება 9 (ცხრა) თვემდე ვადა.

2. წინასასამართლო სხდომის შედარებითი სამართლებრივი ანალიზი

2.1. წინასასამართლო სხდომა აშშ-ში

ამ ქვეყნების შერჩევა მოხდა იმ პრინციპით, რომ მათ საქართველოს მსგავსად, ძირითად სახელმძღვანელო პრინციპად მხარეთა შეჯიბრებითობა აქვთ არჩეული.

ამერიკული პოლიტიკური სისტემის ნაწილის გაკონტროლებისა, მთავრობის ძალაუფლების დაბალანსებისათვის და პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლისამართლებრივ დევნასთან დაკაშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმებისათვის, გამოიყენება წინასასამართლო სხდომა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

ამერიკის სისხლის სამართლის პროცესის ფედერალური კანონის მე-2 თავი მთლიანად ეხება წინასასამართლო პროცედურებს და მასში ასევე, განხილულია წინასასამართლო სხდომაც.7 ფედერალური კანონის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5.1. მუხლი მთლიანად საუბრობს წინასასამართლო სხდომაზე და მაგისტრატ მოსამართლეს ავალდებულებს წინასასამართლო სხდომის ჩატარებას გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებულს ბრალი ედება წვრილმანი ხასიათის დანაშაულში.

წინასასამართლო სხდომა უნდა ჩატარდეს მიუხედავად იმისა, თუ: ბრალდებული უარს ამბობს მოსმენაზე; ბრალდებული ნასამართლევია; პირს ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში ფედერალური კანონის 7(b) მუხლით განსაზღვრულ ქმედებაში; პირს ბრალი ედება ისეთ ქმედებაში, რომელითაც გათვალისწინებული სასჯელის ზომა 1 (ერთი) წელია; ბრალდებულის ქმედება ითვალიწინებს სასჯელს 1 (ერთ) წელზე ნაკლებს და თანახმაა, რომ მისი საქმე განიხილული იქნას, ვიდრე მაგისტრატი მოსამართლე განიხილავს.

წინასასამართლო სხდომა შეიძლება ჩატარდეს დანაშულის ან დაკავების ადგილზე. მაგისტრატმა მოსამართლემ თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული წინასასამართლო სხდომა უნდა ჩაატაროს პირველი წარდგენიდან არაუგვიანეს, 14 დღისა, ხოლო თუ პატიმრობაში არ არის არაუგვიანეს, 21 დღისა. ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში, წინასასამართლო სხდომა შეიძლება რამდენჯერმეც ჩატარდეს მაღალი საჯარო ინტერესის გამო ან თუ ამას მოითხოვს სამართლიანი სასამართლო. ასევე, წინასასმართლო სხდომაზე ბრალდებულს შეუძლია დაკითხოს მოწმე და განიხილოს მტკიცებულებები, მაგრამ მას არ შეუძლია მოითხოვოს იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც მისი აზრით კანონის დარღვევით მოიპოვეს.

წინასამართლო სხდომის მოსამართლე თუ აღმოაჩენს, რომ არაა ჩადენილი დანაშული ან არ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ დანაშული ბრალდებულმა ჩაიდინა, მოსამართლე უფლებამოსილია შეაჩეროს (მტკიცებულებების მოპოვებამდე) სისხლისსამართლებრივი დევნა და გაათავისუფლოს ბრალდებული პასუხისმგებლობისაგან. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ გულისხმობს, რომ შემდგომში პროკურატურას უფლება აღარ ექნება სისხლისამართლებრივი დევნა გააგრძელოს პირის მიმართ იმავე ქმედების გამო.

2.2. წინასასამართლო სხდომა საფრანგეთში

საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსხვავდება ანგლო‑ამერიკული სამართლის სისტემისაგან. ამერიკა და ინგლისი ხშირად აკრიტიკებს საფრანგეთში არსებულ წინასაწარ გამოძიებას, რომლის დროსაც მოსამართლე ხელმძღვანელობს გამოძიებას და ახდენს ბრალდებულის დაკითხვას.

საფრანგეთის კანონი ოთხი სახის გამოძიებასა და მტკიცებულების შეგროვებას იცნობს. ერთ-ერთი მათგანია წინასწარი გამოძიება, რომელსაც ხელმძღვანელობს მაგისტრატი მოსამართლე (JDI). საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით, წინასწარი გამოძიების ჩატარება თითქმის ყოველთვის სავალდებულოა.

საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლში მოცემულია ის ძირითადი საკითხები, რაც მაგისტრატმა მოსამართლემ (გამომძიებელი მოსამართლე) უნდა გადაწყვიტოს. საფრანგეთში, მაგისტრატი მოსამართლე ძირითადად, იმ საკითხებს განიხილავს და წყვეტს, რასაც საქართველოში წინასასამართლო სხდომის მოსამართლე. ამ სტადიაზე გამომძიებელი მოსამართლე ახდენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციას და თუ ჩათვლის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, მაშინ საქმეს ნაფიც მსაჯულებს გადასცემს განსახილველად.

დასკვნა

სტატიის მიზანი იყო სისხლის სამართლის პროცესის სტადიათა სისტემაში წინასასამართლო სხდომის ადგილის, მისი როლისა და დანიშნულების, ასევე, წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრისა და „გონივრულ ვადამდე გაგრძელების“ საკითხის განხილვა და ანალიზი.

შენიშვნები:

 1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი, მთ. რედ: გ. გიორგაძე, თბილისი, „მერიდიანი,“ 2015, გვ. 653.

2 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის №1გ/355 განჩინება.

3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქ. მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/646 2015 წლის 15 სექტემბერი.

4 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „Sebalj v. Croatia,“ განცხადების ნომერი – 4429/09, 2011 წლის 28 ივნისი.

5 საქართველოს კონსტიტუცია 1995 (2016 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით).

6 RONALD J. B., MARY KELLY T., CRIMINAL LAW and PROCEDURE (AN OVERVIEW)., UNITED STATE: CENGAGE LERNING – 4, 2015, p. 257.

7 Federal Rules of Criminal Procedure, Title II /https://www.law.cornell.edu/rules/ frcrmp/

8 შენიშვნა: ამერიკის ფედერალური კანონის მიხედვით, წვრილმანი ხასიათის დანაშაულში მოიაზრება ნებისმიერი პატარა გადაცდომა (ქმედება), რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს, ექვს თვეს ან ჯარიმას 5 000 (ხუთი ათასი) დოლარს ან ორივეს ერთად. http://legal-dictionary.thefreedictionary.com/Petty+Offense (24.11.2016).

9 შენიშვნა: ამერიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 კარის მე-2 ნაწილის 27-ე თავის „A“ ქვეთავის მიხედვით, დანაშაულები დაყოფილია „Felony“ და „Misdemeanor“-ებად. „Felony“ უფრო მძიმე ხასიათის დანაშულია და დაყოფილია „A,“ „B,“ „C,“ „D,“ „E“ კლასად, ხოლოდ „Misdemeanor“ უფრო მსუბუქი ხასიათის დანაშაულია და დაყოფიალია „A,“ „B,“ „C“ კლასებად.

10 James W. Garner., Criminal Procedure in France,The Yale Law Journal Company,Inc., 2016, p. 256.

One Response to წინასასამართლო სხდომა

  1. Geolaw ამბობს:

    საქმის არსებით განხილვამდე ტარდება წინასასამართლო სხდომა, სადაც მხარეები
    წარადგენენ მტკიცებულებებს, განიხილავენ შუამდგომლობებს მტკიცებულებებთან
    დაკავშირებით. მოსამართლეს შეუძლია, მტკიცებულება, რომლის მოპოვების
    სამართიანობაც ეჭვქვეშ არის გამოაცხადოს არაკანონიერად. წინასასამართლო სხდომაზე
    ხდება აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
    წინასასამართლოსხდომაზემოსამართლებრალდებულსგანუმარტავსბრალდებისარსსდა
    ამბრალდებითგათვალისწინებულისასჯელისზომას. ასევე განიხილება სხვა
    შუამდგომლობები. საქმე გადავა არსებითი განხილვის ეტაპზე თუ მოსამართლე
    დარწმუნდება, რომ არგუმენტები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს
    ვარაუდისთვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com