პროკურატურა

მე-19 საუკუნის დასაწყისამდე სისხლის სამართლის პროცესს გააჩნდა ინკვიზიციური ფორმა და შესაბამისად, ერთ პიროვნებაში იყო თავმოყრილი როგორც მოსამართლის, ისე ბრალმდებლის ფუნქცია. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ პირველად საფრანგეთში შემოღებულ იქნა სახელმწიფო ბრალმდებლის ინსტიტუტი, რის შედეგადაც სასამართლოს გვერდით გაჩნდა ორგანიზაციულად დამოუკიდებელი დაწესებულება ე.წ. პროკურატურა. ამიტომ, პროკურატურას ხშირად მოიხსენიებდნენ ,,რევოლუციის შვილის~ სახელით, რომლის ფუნქციაა ,,კანონის შესრულებაზე ზრუნვა~ . ბრალდების და მართლმსაჯულების ორგანოების ცალცალკე ჩამოყალიბების იდეა საფრანგეთიდან მალევე გავრცელდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც.

პროკურატურის სისტემა, ორგანიზაცია და საქმიანობის მიმართულებები განისაღვრება ,,პროკურატურის შესახებ~ 2008 წლის 21 ოქტომბრის კანონით, ხოლო პროკურატურის ფუნქცია და ამოცანები სისხლის სამართლის პროცესში რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცელკეული ნორმებით.

2.1. პროკურატურის ფუნქცია სისხლის სამართლის პროცესში

სისხლის სამართლის პროცესში პროკურატურას გააჩნია სამი ძირითადი ფუნქცია, კერძოდ: იგი ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. პროკურატურის თითოული ფუნქციის შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი.

2.1.1. პროკურატურა როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო

როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში დანაშაულებრივ ქმედებებზე რეაგირება და ეფექტიანი სისხლის სამართლის იუტიციის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. პროკურატურა არის ერთადერთი ორგანო, რომელიც სახელმწიფოს სახელით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლება გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე სცნოს პირი ბრალდებულად ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების დროს პროკურატურა ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით. თუ პროკურორი მიიჩნევს, რომ ჩადენილი ქმედებისთვის პირს უნდა დაედოს მსჯავრი, იგი ბრალდების საქმეს შემდგომი განხილვისათვის უგზავნის სასამართლოს. სხვა შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია უარი თქვას პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებაზე.

2.1.2. პროკურატურა როგორც გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი

სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების საკითხის გადასაწყვეტად პროკურატურა ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე. შესაბამისად, პროკურორი უფლებამოსილია საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოსაპობებლად დაავალოს გამომძიებელსა და სამართალდამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ან გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მისცეს მათ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული მითითებები. თუ პროკურორი საჭიროდ მიიჩნევს, იგი თავად მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში. მას შეუძლია აგრეთვე თავად აწარმოოს გამოძიება სრული მოცულობით. არსებობს მთელი რიგი საპროცესო მოქმედებებისა, რომლის განხორციელებასთან დაკავშირებით მხოლოდ პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. კერძოდ, პროკურორი მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების და ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ განჩინების მისაღებად (იხ. სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტი). სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მითითებები.

2.1.3. პროკურატურა როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი

მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეცემა სასამართლოს, პროცესის მართვის სადავეები გადადის მოსამართლის ხელში, ხოლო პროკურორი სასამართლოში გამოდის მხოლოდ, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი, რომელმაც უნდა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ამტკიცოს პირისათვის წარდგენილი ბრალდება (იხ. სსსკ-ის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი). პროკურორი მოქმედებს სახელმწიფოს სახელით და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. იგი არც სასამართლოში არ არის შეზღუდული, თქვას უარი ბრალდებაზე. მას კანონი ანიჭებს უფლებამოსილებას უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალდებას (იხ. სსსკ-ის 250-ე მუხლის პირველი ნაწილი და ,,პროკურატურის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი). პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო წარმოების სტადიაზე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, საკასაციო წარმოების სტადიაზე იგი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს, როგორც მხარე, იმ საჩივარზე, რომელიც დაცვის მხარემ შეიტანა. პროკურორი სასამართლოში სარგებლობს ფართო უფლებამოსილებით, კერძოდ, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე; გააცნოს სასამართლოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) შერაცხადობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების შესახებ და ა.შ. (იხ. ,,პროკურატურის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი).

2.2. პროკურატურის ორგანიზაცია და სისტემა

საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება (იხ. ,,პროკურატურის შესახებ~ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი), რომელიც აგებულია იერარქიულად და მონოკრატიულად, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა ქვემდგომი პროკურორი ექვემდებარება ზემდგომ პროკურორს და ყველა პროკურორი დაქვემდებარებულია საბოლოოდ იუსტიციის მინისტრისადმი. მართალია, ქვემდგომი პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამაუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს, თუმცა სამართლებრივად იგი მოქმედებს, როგორც ზემდგომი პროკურორის წარმომადგენელი. ზემდგომ პროკურორს უფლება აქვს გააუქმოს, შეცვალოს ან ცვლილებები შეიტანოს ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებებსა და აქტებში. შესაბამისად, პროკურორი არ სარგებლობს მოსამართლის მსგავსად პერსონალური და საგნობრივი დამოუკიდებლობით. პროკურორი ვალდებულია შეასრულოს ზემდგომი პროკურორის მითითებები.
საქართველოს პროკურატურის სისტემა მოიცავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებს, ქ. თბილისის პროკურატურას, საოლქო პროკურატურებს, რაიონულ პროკურატურებს და ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ შექმნილ სპეციალიზებულ პროკურატურებს (იხ. ,,პროკურატურის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი).
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ექვემდებარება საქართველოს პროკურატურა, ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას. გარდა ამისა, იგი ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს. Aასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, როგორც პროკურორი ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას ცალკეული პოლიტიკური თანამდებობის მქონები პირების მიერ დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და ა.შ. (იხ. ამის შესახებ უფრო დეტალურად ,,პროკურატურის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი).
პროკურატურატურის საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს მთავარი პროკურორი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. იგი ამავდროულად ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩეველის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

2.2.1. დევოლუციისა და სუბსტიტუციის უფლებები

პროკურატურის მონოკრატიული და იერარქიული აგებულებიდან გამომდინარე პროკურატურაში მოქმედებს ე.წ. დევოლუციისა და სუბსტიტუციის უფლებები.
დევოლუციის უფლება ზემდგომ პროკურორს ანიჭებს იმის შესაძლებლობას, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და თავად განახორციელოს საქმის წარმოება.
სუბსტიტუციის უფლება კი ზემდგომ პროკურორს ანიჭებს იმის შესაძლებლობას, რომ მან სისხლის სამართლის საქმის წარმოებას ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს ქვემდებარეობის დაცვით.

2.2.2. მითითების უფლება

როგორც ზემოთ აღინიშნა, პროკურატურის სისტემაში მოქმედი დაქვემდებარების პრინციპი გულისხმობს აგრეთვე, ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომი პროკურორის მითითებების შესრულების სავალდებულობას. სამარტლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, ქვემდგომი პროკურორი ვალდებულია, შეასრულოს ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება (იხ. ,,პროკურატურის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილი). უკანონო იქნებოდა მაგალითად ზემოდგომი პროკურორის მითითება, რომელიც ეწინაარმდეგება კანონიერების პრინციპს ან არღვევე სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლს (უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში) და ა.შ. ქვემდგომი პროკურორი უფლებამოსილია არ შეასრულოს ზემდგომი პროკურორის უკანონო მითითებები და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართლოს უფრო ზემდგომ პროკურორს. თუ ეს უკანასკნელი ძალაში დატოვებს ქვემდგომი პროკურორისთვის მიცემულ მითითებას, მაშინ მან მითითება უნდა შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მითითება აშკარად წარმოადგენს დანაშაულს, ადმინისტრაციულ გადაცდომას ან ადამიანის ღირსების შემლახავ ქმედებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com