რა არის ანაბარი?

ანაბარი, ისევე როგორც კრედიტი, წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების კერძო სახეს, რომლის ფარგლებშიც, მეანაბრე გადასცემს ფულად თანხას სპეციალურ სუბიექტს (საკრედიტო დაწესებულებას), ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია დააბრუნოს იმავე ოდენობის თანხა ანაბრის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და დაარიცხოს შესაბამისი პროცენტი. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს მოთხოვნილი.

ანაბრის ხელშეკრულება ძალაში შედის, მეანაბრის მიერ საკრედიტო დაწესებულებისთვის ფულის გადაცემის მომენტიდან.

ანაბრის ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულებას წარმოეშობა ვალდებულება -დააბრუნოს ფული, ხოლო მეანაბრეს წარმოეშობა გადაცემული ფულის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

ანაბრის შეტანისას საკრედიტო დაწესებულებამ უნდა გასცეს სერთიფიკატი ან მეანაბრის წიგნაკი, რომელიც ადასტურებს მეანაბრის მოთხოვნის უფლებას საკრედიტო დაწესებულების მიმართ.

საკრედიტო დაწესებულებას გააჩნია ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

ანაბრის მიმღები და საკრედიტო დაწესებულების დირექტორები (მენეჯერები) ვალდებულნი არიან მეანაბრეს მიაწოდონ ინფორმაცია ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.

ის პირი, რომელიც ბრალეულად გასცემს არასწორ ინფორმაციას ან უარს ამბობს საჭირო მონაცემების მიწოდებაზე, ვალდებულია მეანაბრეს აუნაზღაუროს არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან ინფორმაციის გაუცემლობით წარმოშობილი ზიანი.

ანაბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას ახასიათებს მნიშვნელოვანი სპეციფიკა, კერძოდ მეანაბრეთა მოთხოვნაზე შეტანილ ანაბრებთან დაკავშირებით არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეანაბრე უფლებამოსილია მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით, ანაბარის თანხის დაბრუნება და მასთან დაკავშირებული პროცენტი ნებისმიერ დროს.

ანაბრის ტიპები:

• ვადიანი ანაბარი არის მომხმარებლის მიერ ბანკში განსაზღვრული ვადით განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ვადიანი დეპოზიტი იხსნება კონკრეტული ვადითა და თანხით. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თანხის დამატება შეუძლებელია. ჩვეულებრივ, ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით. გარდა ამისა, რაც უფრო დიდია დეპოზიტის ვადა, მით მეტია საპროცენტო განაკვეთი.

• ზრდადი ანაბარი იგივე ვადიანი ტიპის ანაბარი , რომელიც იხსნება განსაზღვრული ვადითა და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. ზრდად ვადიან ანაბარზე მომხმარებელს საშუალება აქვს ანაბრის თანხა დაამატოს.

• ანაბარი მოთხოვნამდე ანაბარი, რომლის ვადაც არ არის განსაზღვრული და რომელსაც ერიცხება გარკვეული საპროცენტო სარგებელი. ანაბარზე ოპერაციების წარმოების პერიოდულობა შეუზღუდავია, ხოლო საპროცენტო სარგებელი ნაკლებია სხვა ტიპის ანაბრებთან შედარებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com