არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უკანასკნელი წლების განმავლობაში აღნიშნულმა უწყებამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე და მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის დანერგვის მიზნით.

მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და მოწმის უფლებათა დაცვის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, 2015 წლის 12 ივნისს მიღებული იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული მიზნების მიღწევის მიზნით, კოდექსმა არასრულწლოვანთა პროცესის მონაწილე და მწარმოებელ პირთა სავალდებულო სპეციალიზაცია დაადგინა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებას პროკურატურის სისტემა მზად შეხვდა. 2015 წლიდან დაიწყო პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაცია და 2016 წლის პირველი იანვრისთვის პროკურატურის ყველა სტრუქტურულ ერთეულს უკვე ჰყავდა სპეციალიზებული პროკურორი და გამომძიებელი. სპეციალიზაციასთან ერთად, პროკურატურა მუდმივად უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ურთიერთობის, არასრულწლოვან მოწმეთა დაკითხვის სპეციფიკის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა საკითხებში. სამართალწარმოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით კი შემუშავდა და დაინერგა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მექანიზმი.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების, მათი გადაჭრის გზების დასახვის, ბავშვთა უფლებების ეფექტიანი განხორციელების და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, პროკურატურის ინიციატივით 2017 წელს შეიქმნა არასრულწლოვანთა ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც შედგება: პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების, ადვოკატების, სოციალური მუშაკების, მედიატორების, მუნიციპალიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან. არასრულწლოვანთა ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმის სხდომები იმართება წელიწადში ორჯერ.

ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვისათვის, მათი სტიგმატიზაციის, მოწმე და დაზარალებული არასრულწლოვნის ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებისთვის, აუცილებელია არსებობდეს სათანადო ინფრასტრუქტურა. 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით რუსთავის რაიონული პროკურატურის შენობაში შეიქმნა ბავშვზე მორგებული გარემო (სპეციალიზებული ოთახი) და შემუშავდა შესაბამისი ინსტრუქცია. ბავშვზე მორგებული გარემო ეტაპობრივად შეიქმნება პროკურატურის სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა გაზარდა 14-დან 18 წლამდე ასაკის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის – განრიდების გამოყენების მაჩვენებელი, რაც არასრულწლოვნის საჭიროებებზე ორიენტირებას და პროცესში დაზარალებულის აქტიურ მონაწილეობას უწყობს ხელს. მნიშვნელოვნადაა შემცირებული არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევები, მართლმსაჯულების პროცესში მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი შემჭიდროვებულ ვადებში გადაწყვეტილებების მიღება. დაბალია განრიდებულ არასრულწლოვნებში განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი.

წყარო: საქართველოს პროკურატურა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com