არჩევნების პერიოდულობა

ხელისუფლების საფუძველია ხალხის ნება, რომელიც უნდა გამოვლინდეს პერიოდულ არჩევნებში. ე. ი სახალხო სუვერენიტეტის განხორციელების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის არჩევნების პერიოდულობა. იგი განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოსა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით, რომელიც კონსტიტუციით ან კანონით არის დადგენილი. არჩევნების პერიოდულობა ამომრჩეველს არჩეულ პირებზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს: მას საშუალება ეძლევა ზუსტად დადგენილი პერიოდულობით განაახლოს წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა, ხელახლა აირჩიოს ადრე არჩეული პირი, თუ კმაყოფილია მისი საქმიანობით, ან აირჩიოს სხვა, თუ მან მისი ნდობა დაკარგა. იგივე უნდა ითქვას, როდესაც საქმე ეხება საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის არჩევნებს. ასეთი წესი აიძულებს პოლიტიკურ პარტიებსა და არჩეულ პირებს მუდმივი კავშირი ჰქონდეთ ამომრჩევლებთან, გაითვალისწინონ მათი მოთხოვნები, დაარწმუნონ ისინი თავისი პოლიტიკის სისწორეში და ა. შ. წარმომადგენლობითი ორგანოსა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, ჩვეულებრივ, 4-5 წელია, პრეზიდენტის – 4-5 წელი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა 2-6 წელი. უნდა აღინიშნოს, რომ, ჩვეულებრივ, არ იკრძალება ერთი და იმავე პირის მრავალჯერ არჩევა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში. პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობა კი, როგორც წესი, ორი ვადით იზღუდება. ამის უმთავრესი მიზეზი ერთი პირის, პრეზიდენტის ხელში თავმოყრილი დიდი ძალაუფლება (საპრეზიდენტო და შერეული მართვაგამგეობის ფორმის მქონე რესპუბლიკებში) და, მაშასადამე, მისი არამართლზომიერად გამოყენების საშიშროებაა.

იშვიათი გამონაკლისის გარდა, პარლამენტს უფლება არ ეძლევა გაიგრძელოს თავისი უფლებამოსილების ვადა, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას კი არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი კონსტიტუცია შესაძლებლად მიიჩნევს პარლამენტისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას ან პირდაპირ კრძალავს არჩევნების გამართვას ომიანობისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს. მთელი რიგი დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობა ასევე იცნობს პარლამენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, ხოლო პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, როგორც წესი, ყველა კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com