ევროკავშირის ისტორია

საუკუნეების განმავლობაში, ევროპის კონტინენტმა მრავალი სისხლისმღვრელი ომი იხილა, მეორე მსოფლიო ომმა კი ევროპას არა მხოლოდ მილიონობით დაღუპული მოქალაქე, არამედ განადგურებული ეკონომიკა და მყიფე უსაფრთხოება მოუტანა. ნათელი იყო, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი.

ევროპული ინტეგრაციის იდეა პირველად  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა, რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნულ იდეას მაშინ განვითარება არ მოჰყოლია. ევროპული ინტეგრაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1950 წელი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა – გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები.

შედეგად, 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო – ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. გადაწყდა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი სუპრაეროვნული (ზეეროვნული) ორგანო, ე.წ. ,,უმაღლესი ხელისუფლება” (High Authority), რომელიც განაგებდა ამ ქვეყნებში ნახშირისა და ფოლადის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. უმაღლესი ხელისუფლების პირველ პრეზიდენტად დაინიშნა ჟან მონე. 1953 წელს შეიქმნა რკინის, ნახშირის, მადნეულის და ჯართის საერთო ბაზარი; იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით, შეიქმნა ფოლადის საერთო ბაზარიც. 

ორი წლის შემდეგ, იტალიის ქალაქ მესინაში ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ განეგრძოთ ინტეგრაციის პროცესი (ცნობილია მესინის ინიციატივის სახელით). შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომიტეტი, რომელმაც მოამზადა საფუძველი რომის ხელშეკრულებისათვის, რის შედეგადაც საფუძველი დაედო „ევროპის ეკონომიკური გაერთიანებას“. რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა, აგრეთვე, საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

რომში ცალკე ხელშეკრულებით დაარსდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, ე.წ. „ევრატომი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა, კერძოდ: ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი ქვეყნებისთვის.

1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა (შემდგომში ევროგაერთიანება) და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების – კომისიისა (შემდგომში ევროპული კომისიის) და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“, ხოლო 1992 წელის მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე – “ევროკავშირი” ეწოდა.

ევროკავშირი დღეისათვის 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას თავისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის.

ევროკავშირის გაფართოება

მას შემდეგ, რაც 1951 წელს  ჟან მონეს იდეის საფუძველზე, ევროპის ექვსმა ქვეყანამ  –  საფრანგეთმა, დასავლეთ გერმანიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა   ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებას მოაწერეს ხელი, გაერთიანებამ გაფართოების 7  ტალღა გაიარა. ეს პროცესი მეტად საინტერესო იყო, რადგან ცივი ომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის ფონზე მიმდინარეობდა.

პირველი გაფართოება – დიდი ბრიტანეთი, დანია, ირლანდია

1960-74 წლებში დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი იყო. თითქმის ორჯერ გაიზარდა მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა. ამ წარმატებამ, თავის მხრივ, დააინტერესა დიდი ბრიტანეთიც, რომელმაც მოისურვა, შეერთებოდა ეკონომიკურ გაერთიანებებს. პირველი განაცხადი გაერთიანებებში შესვლაზე პრემიერ-მინისტრმა, მაკმილანმა შეიტანა 1961 წელს, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, შარლ დე გოლმა ვეტო დაადო ბრიტანეთის მიღებას ევროპულ გაერთიანებებში. დე გოლი მიიჩნევდა, რომ ბრიტანეთი არ იქცეოდა როგორც ჭეშმარიტი ევროპელი, და ეს მთელი რიგი პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით. დიდი ბრიტანეთის მეორე მცდელობის შემდგომ მას ირლანდია და დანიაც შეუერთდნენ და უკვე 1973 წელს აღნიშნული სამი ქვეყანა ევროგაერთიანების წევრები გახდნენ. ამავე წელს ევროგაერთიანებას უნდა შეერთებოდა ნორვეგიაც – ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეფერენდუმის გამართვის შემდეგ არ შეუერთდა კავშირს. აღსანიშნავია, რომ ნორვეგია დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა არის შენგენის ზონის წევრი.

მეორე და მესამე გაფართოებები – საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია

1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ევროპის ეკონომიკური გაერთიანების მორიგი გაფართოება. საბერძნეთმა, რომელთანაც  1969-1974 წლებში ურთიერთობა გაყინული იყო, მოახერხა ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენა  და წევრობაზე პირველი ოფიციალური განაცხადიც შეიტანა. ევროკომისიამ, თავდაპირველად, უარი განაცხადა საბერძნეთის მიღებაზე, რადგან ქვეყანა ეკონომიკურ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა, მინისტრთა საბჭო და ევროპული საბჭო მომხრენი იყვნენ, პოლიტიკური მოსაზრებით მიეღოთ საბერ ძნეთი ევროგაერთიანებაში, რათა არ მომხდარიყო აღორძინებული დემოკრატიის დაკარგვა და იქ კომუნიზმის გავრცელება. ამასთან, საბერძნეთის შესვლა გაერთიანებაში დაემთხვა ესპანეთისა და პორტუგალიის მისწრაფებებსაც, მოეხდინათ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროპულ გაერთიანებასთან. ისევე როგორც საბერძნეთი, ესპანეთიც და პორტუგალიაც სამხედრო დიქტატურისგან ახლად გათავისუფლებულ ქვეყნებს წარმოადგენდნენ. საბერძნეთი ევროგაერთიანებას 1981 წელს, პორტუგალია და ესპანეთი კი 1986 წელს შეურთდნენ.

მეოთხე გაფართოება – შვედეთი, ავსტრია, ფინეთი

1995 წელს ევროკავშირში მორიგი გაფართოება მოხდა. ევროპის  თავისუფალი ვაჭრობის არეალის სამი ქვეყანა – შვედეთი, ავსტრია და ფინეთი ევროკავშირის მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე წევრები გახდნენ. ეს გაფართოება ყველაზე უმტკივნეულო იყო ევროკავშირისთვის, რადგან მის რიგებს ის მაღალგანვითარებული ქვეყნები შეუერთდნენ, რომლებსაც შესწევდათ ძალა, უფრო მეტი თანხა გაეღოთ საერთო ევროპული ბიუჯეტისთვის, ვიდრე მიეღოთ. თავის მხრივ, ევროგაერთიანების ახალმა წევრებმა განიმტკიცეს უსაფ რთხოების გარანტიები და ასევე, უზრუნველყვეს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი. რაც შეეხება ნორვეგიას, რომელიც თავიდან განიხილებოდა წევრობის კანდიდატად, მეორედ თქვა უარი კავშირში გაწევრიანებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ნორვეგია, კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის მიუხედავად, მაინც რჩება ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ევროპის კონტინენტზე.

მეხუთე გაფართოება

ევროკავშირის მეხუთე გაფართოების მიზანი იყო საბჭოთა მმართველო ბისგან გათავისუფლებული აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების განვითარება და დასავლეთევროპული ცხოვრების დონისთვის მიღწევა ევროკავშირში მიღების საშუალებით. ამ მიზნით, 2004 წელს ევროკავშირს შეუერთდა 10 ქვეყანა: ლიტვა, ლატვია ესტონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა და კვიპროსი. ევროკავშირის წევრთა რაოდენობა გაიზარდა 25-მდე. ამ დროისთვის ევროკავშირში კუნძულ კვიპროსის მხოლოდ ბერძნული ნაწილია შესული, რადგან რეფერენდუმზე კვიპროსის ბერძნულმა მოსახლეობამ უარი თქვა კვიპროსის თურქულ ნაწილთან შეერთებაზე.

მეექვსე და მეშვიდე გაფართოებები

2008 წლისთვის კიდევ ორი ქვეყანა რუმინეთი და ბულგარეთი შეუერთდა ევროკავშირს, 2013 წელს, დღეისათვის ბოლო გაფართოების შედეგად კი ხორვატია. ამ პროცესების შედეგად ევროკავშირი დღეს 28 სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან შედგება, რომელთა საერთო მიზანს კეთილდღეობისა და ეკონომიკური წინსვლის სურვილი წარმოადგენს და მასში 508 მილი ონი მოქალაქე ცხოვრობს.

ევროკავშირის განვითარების ეტაპები

ევროკავშირი მუდმივად ავითარებდა და დღესაც ავითარებს მის სტრუქტურას, რომელსაც ისტორიული პრეცენდენტი არ გააჩნია. ევროკავშირის ფუძემდებლურ კანონმდებლობას წარმოადგენს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები, რომლებიც საფუძველს უყრიან ევროკავშირის პოლიტიკას, აფუძნებენ მის ინსტიტუციურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებსა და ძირითად უფლებამოსილებებს.

რომის ხელშეკრულებიდან ერთიან ევროპულ აქტამდე

„ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებაში“ შემავალ ექვს ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილურმა და პროგრესირებადმა ხასიათმა განაპირობა ის, რომ გადაწყდა შეექმნილიყო „ევროპის ეკონომიკური გაერთიანება“, რომელსაც 1957 წელს რომის ხელშეკრულება დაედო საფუძვლად. რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა, აგრეთვე, საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

რომში ცალკე ხელშეკრულებით დაარსდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, ე.წ. „ევრატომი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა, კერძოდ: ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი ქვეყნებისთვის.

1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა (შემდგომში ევროგაერთიანება) და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების – კომისიისა (შემდგომში ევროპული კომისიის) და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“ ეწოდა. სახელმწოდება შეიცვალა 1992 წელს ხელოწერილი მაასტრიხტის ხელშეკრულებით და ევროგაერთიანებები ევროკავშირად გარდაიქმნა.

1968 წელს ამოქმედდა ევროკავშირის საბაჟო კავშირი, რომელსაც რომის ხელშეკრულებით ჩაეყარა საფუძველი და რომლის თანახმადაც, გაუქმდა სავაჭრო ტარიფები წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე დაწესდა საერთო ტარიფები გაერთიანების არაწევრ ქვეყნებთან მიმართებით.

70-იან წლებში დაიწყო საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავრობათშორისი თანამშრომლობის განვითარება. 1970 წლიდან წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კვარტალში ერთხელ იკრიბებოდნენ საგარეო პოლიტიკური საკითხების განსახილველად, შეიქმნა მუდმივმოქმედი პოლიტიკური სამდივნო –  მოგვიანებით აღნიშნული თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია და ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბება განხორციელდა.

1974 წელს მოხდა წევრი სახელმწიფოების მეთაურთა უმაღლეს დონეზე შეხვედრების ფორმალიზება; თუ 1969 წლიდან ის წელიწადში ერთხელ იმართებოდა, 1974 წლიან ასეთი შეხვედრების მინიმუმ ორჯერ გამართვა გადაწყდა. ევროპული საბჭოს ფარგლებში ხდება ინტეგრაციის მთავარი ორიენტირების განსაზღვრა. მისმა შექმნამ, ძირითადად, ინტეგრაციის მთავრობათაშორისი ხასიათის ელემენტის გაძლიერება გამოიწვია.

შენგენის შეთანხმება

1985 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, თანდათანობით გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება ხელმომწერი წევრი სახელმწიფოების, სხვა წევრი სახელმწიფოების ან მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის. დღეისათვის შენგენის ხელშეკრულება 26 ქვეყანას აერთიანებს:

  • ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას: ავსტრიას, ბელგიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, ლატვიას, ლიტვას, ლუქსემბრუგრს, მალტას, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ესპანეთსა და შვედეთს;
  • ევროკავშირის 4 არაწევრ ევროპულ ქვეყანას: შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინს. აღნიშნული ქვეყნები ერთად ქმნიან შენგენის ზონას. შენგენის ზონის 4 კანდიდატი ქვეყანაა: ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია და რუმინეთი.
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დიდი ბრიტანეთი და ირლანდია არ არიან შენგენის ზონის წევრები.

შენგენის ზონის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო მის შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება. შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ შენგენის ზონაში შემავალ სახელმწიფოებს შორის საზღვრები უნდა გაუქმებულოყო, ხოლო გარე საზღვრები – გამაგრებულოყო. ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთიანი პოლიტიკა აწარმოონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო საპოლიციო-სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას.

„საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის“ შეთანხმებას ხელი მოეწერა შენგენში, ლუქსემბურგის პატარა სოფელში, სადაც ლუქსემბურგის, გერმანიისა და საფრანგეთის საზღვარი იკვეთება.

ერთიანი ევროპული აქტი

1986 წლის 28 თებერვალს ევროპული გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ე.წ. ერთიან ევროპულ აქტს, რომლითაც ცვლილებები და დამატებები შევიდა ევროპული გაერთიანებების დამფუძნებელ ხელშეკრულებებში. ერთიანი ევროპული აქტი გახდა პირველი ყოვლისმომცველი სარევიზიო აქტი, რომლითაც ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზება განხორციელდა, კერძოდ: ევროპული საბჭო გაერთიანების ერთ-ერთ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა; შეიქმნა პირველი ინსტანციის სასამართლო; საპარლამენტო ასამბლეას ოფიციალურად ეწოდა ევროპული პარლამენტი; შემოიღეს ახალი ნორმაშემოქმედებითი პროცედურა – თანაგადაწყვეტილების პროცედურა, რომლითაც გაძლიერდა პარლამენტის როლი; გაიზარდა კომისიის უფლებამოსილებებიც; ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გავრცელდა ბევრ ისეთ სფეროზე, სადაც მანამდე გადაწყვეტილება მხოლოდ ერთხმად მიიღებოდა.

დღის წესრიგში დადგა საერთო ბაზრის ჩამოყალიბების საბოლოო ფაზაში შეყვანა და დაიწყო შიდა ბაზრის შესაქმნელად აუცილებელი რეფორმების გატარება, რაც გულისხმობდა არსებული ბარიერებისა (კვოტები, ტარიფები) და ეკონომიკური დაბრკოლებებისგან თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეს, სადაც თავისუფლად უნდა მომხდარიყო ე.წ. „4 სახის თავისუფლების“: საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილება. შიდა ბაზრის შექმნა 1992 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა დასრულებულიყო.

მაასტრიხტის ხელშეკრულება

ბერლინის კედლის დანგრევამ, რასაც გერმანიის გაერთიანება მოჰყვა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოთა კონტროლიდან გათავისუფლებამ, აგრეთვე, 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლამ და მნიშვნელოვანმა დემოკრატიულმა პროცესებმა ევროპის პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა განაპირობა.

1992 წლის 7 თებერვალს ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირის შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც მაასტრიხტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა. მაასტრიხტის ხელშეკრულებით, შესწორდა და ერთ პოლიტიკურ დოკუმენტში გაერთიანდა ყველა მანამდე არსებული – პარიზის (1950წ.) და რომის (1957წ.) ხელშეკრულებები და ერთიანი ევროპული აქტი (1986წ.).

მაასტრიხტის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ ევროკავშირი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად სვეტს: პირველსვეტში გაერთიანდა ევროპის არსებული გაერთიანებები (ევროპის გაერთიანება, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება). მეორე სვეტში შევიდა საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, ხოლო მესამე სვეტში – თანამშრომლობა მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებში.

პირველ სვეტში შემავალ საკითხებად განისაზღვრა: საბაჟო კავშირი, საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, ერთიანი ბაზარი, სავაჭრო პოლიტიკა. ამ სვეტს ამსტერდამის ხელშეკრულებით, შემდგომში სხვა საკითხებიც დაემატა;

მეორე სვეტი შემდგომ საკითხებს არეგულირებდა: თანამშრომლობა საერთო საგარეო პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე, სამშვიდობო მისიები, დახმარება არაწევრი ქვეყნებისათვის, ევროპის უსაფრთხოების, განიარაღებისა და თავდაცვის დაფინანსების საკითხი;

მესამე სვეტში შემავალი საკითხები იყო: წევრი ქვეყნების პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო სისხლის სამართლის საკითხებში, საპოლიციო თანამშრომლობა, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა.

ხელშეკრულების თანახმად, პირველ სვეტში საკითხები გადაწყდებოდა ზეეროვნულ (ანუ ევროპულ) დონეზე, ხმათა უმრავლესობით, სადაც გადამწყვეტი როლი დაეკისრა ევროკომისიას და ევროპარლამენტს, საბჭოსთან ერთად. დანარჩენ ორ სვეტში წამყვანი როლი მიენიჭა საბჭოს და გადაწყვეტილებები მიიღებოდა ეროვნულ დონეზე, წევრი ქვეყნის ხელმძღვანელებისა და მინისტრების მიერ. აქ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. მეორე და მესამე სვეტის საკითხებში, ანუ საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის, ასევე მართლმსაჯულებისა და შინაგან სამქეებში, კომისია და პარლამენტი ვერ ჩაერეოდნენ.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფოებს არ სურდათ, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები – ქვეყნების უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, საშიანაო საქმეები და იუსტიციის საქმეები მიენდოთ კომისიისა და პარლამენტისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორგანოების მოვალეობას წარმოადგენდა საერთო ევროპული ინტერესების მიხედვით მოქმედება და არა ეროვნული ინტერესების დაცვა, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ვერ შეძლებდნენ, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, მოეხდინათ ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე.

მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, გაიზარდა ევროპარლამენტის ძალაუფლება, კერძოდ – თანაგადაწყვეტილების პროცედურის შემოღებით, ევროპარლამენტს მიენიჭა თანაბარი უფლება, საბჭოსთან ერთად მიეღო მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესის გარკვეულ სფეროებში. კომისიის მთლიანი შემადგენლობის დამტკიცებისთვის აუცილებელი გახდა ევროპარლამენტის თანხმობა. ევროპარლამენტთან შეიქმნა ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც მიეცა უფლება, შეემოწმებინა ევროკავშირის სამართლის დარღვევის ფაქტები.

მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, გადაწყდა ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნა, რომლის განხორციელებაც უნდა მომხდარიყო ეკონომიკური პოლიტიკის მჭიდრო კოორდინაციისა და ერთიანი სავალუტო ერთეულის – ევროს შემოღების გზით. ამ მიზნით შიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკი. გადაწყდა ევროპის მოქალაქეობის შემოღებაც. მაასტრიხტის ხელშეკრულებაში ასევე იყო საუბარი ერთიანი სოციალური პოლიტიკის შექმნის შესახებ, თუმცა ეს თავი საბოლოოდ ამოიღეს, რადგან სოციალური პოლიტიკა, ისევე როგორც საგარეო და დაბეგრვის პოლიტიკა, წევრმა სახელმწიფოებმა ქვეყნის საშიანო საქმეებად მიიჩნიეს. მაასტრიხტის ხელშეკრულება 1993 წელს შევიდა ძალაში.

ამსტერდამის ხელშეკრულება


1997 წელს ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ამსტერდამის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი. ამსტერდამის ხელშეკრულება მოიცავს იმ საკითხებს, რომელზეც ვერ შეთანხმდნენ მაასტრიხტში. სამთავრობათაშორისო კონფერენცია, ძირითადად, მიზნად ისახავდა ისეთი ინსტიტუციური სისტემის შექმნას, რომელიც უპრობლემოდ უზრუნველყოფდა ევროკავშირის მომავალ გაფართოებას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპულ ინსტიტუციებში ინტეგრაციას. მიუხედავად ამისა, ძირითადი თემები, რომელთა გარშემოც დებატები გაიმართა ამსტერდამის ხელშეკრულების მიღების პროცესში, ეხებოდა ევროკავშირის მმართველი სისტემის „მოქნილობის“ გაზრდას და „თავისუფლების, უსაფრთხოებისა და იუსტიციის“ არეალის შექმნას.

მოქნილობის გაზრდა გულისხმობდა ევროკავშირის მმართველი ორგანოების სტრუქტურის დახვეწას, რათა უკეთ მორგებოდა იმ პერიოდისთვის 15 წევრამდე გაზრდილ ევროკავშირს, სადაც კიდევ იგეგმებოდა ახალი წევრების მიღება.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს, იყო მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობის გაღრმავება. სავიზო რეჟიმები, სასაზღვრო კონტროლი, თავშესაფრის მიცემისა და იმიგრაციის პოლიტიკა, პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო საკითხებში, ზოგადად ადამიანის უფლებათა და არაწევრი ქვეყნების უფლებათა დაცვა ევროპული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ფარგლებში მოექცა და ევროკავშირის კომპეტენციათა პირველ სვეტში გაერთიანდა. მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობის სვეტში დარჩა პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში. გაფართოვდა ევროპული გაერთიანების კომპეტენციები, აგრეთვე, სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სფეროში. საპოლიციო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით – შეიქმნა ევროპული პოლიცია – ევროპოლი. მნიშვნელოვანი თანამდებობა, რომელიც ამსტერდამის ხელშეკრულებით შემოიღეს, არის – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთო საგარეო და უსაფრთოების პოლიტიკის საკითხებში, რომელიც, იმავდროულად, საბჭოს გენერალური მდივანიც იყო. პარლამენტის უფლებამოსილებები გაიზარდა თანაგადაწყვეტილების პროცედურის მოქმედების საკმაოდ მრავალი კომპეტენციის ნორმაზე გავრცელების გზით. გარდა ამისა, აუცილებელი გახდა კომისიის პრეზიდენტის კანდიდატურაზე პარლამენტის თანხმობა.

ნიცის შეთანხმება

მთავრობათაშორისმა კონფერენციამ 2000 წლის დეკემბერში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ხელშეკრულება შეიმუშავა. მას ხელი მოეწერა 2001 წლის თებერვალში, ხოლო ძალაში შევიდა 2003 წლის თებერვალში. ნიცის შეთანხმების ძირითადი მიზანი იყო გაფართოების ახალი ტალღისათვის ინსტიტუციური საფუძველის მომზადება. ნიცის ხელშეკრულებით განისაზღვრა ახალი დებულებები ორგანოების შემადგენლობასა და საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებისას თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის მინიჭებული ხმათა რაოდენობის შესახებ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დემოგრაფიულ ელემენტზე (აღნიშნული სისტემა შეიცვალა ლისაბონის ხელშეკრულებით). კიდევ უფრო გაიზარდა ევროპარლამენტის უფლებამოსილებები, კეროდ, თანაგადაწყვეტილების პროცედურამ სულ უფრო მეტი კომპეტენციის ნორმა მოიცვა. ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გავრცელდა ბევრ ისეთ კომპეტენციის ნორმაზე, რომელთა ფარგლებში ადრე გადაწყვეტილება ერთხმად უნდა ყოფილიყო მიღებული.

ნიცის შეთანხმების ერთ-ერთი შედეგი იყო ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის ერთსულოვანი მიღება. ეს გახლდათ 50 პუნქტისგან შემდგარი კრებული ევროპის სამართალში ადამიანის თავისუფლების, ეკონომიკური და სოციალური უფლებების შესახებ.

ლისაბონის შეთანხმება
ე.წ. „რეფორმის ხელშეკრულებას“, რომელის სრული სახელწოდებაა „ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებასა და ევროპული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, 2007 წლის 13 დეკემბერს ხელი მოეწერა ლისაბონში (პორტუგალია) და იგი ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბერს. ხელშეკრულება შინაარსობრივად საკონსტიტუციო ხელშეკრულების ტექსტს შეესაბამება, თუმცა მასში არ ჩაიდო ისეთი ცნებები, რომლებიც, როგორც წესი, სახელმწიფოსთან ასოცირდებოდა, მაგალითად: კონსტიტუცია, ევროპული კანონი და ა.შ. ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე, ევროკავშირს სამართალსუბიექტობა მიენიჭა. გარდა ამისა, ხელშეკრულება ძირითადად ითვალისწინებდა ცვლილებებს ევროკავშირის ინსტიტუციურ სისტემასთან მიმართებაში. ლისაბონის ხელშეკრულების მიზანი იყო ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი, ერთიანი მმართველობის შექმნა, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მიღების შედარებით მარტივი სისტემის ჩამოყალიბება. ლისაბონის შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობები. ლისაბონის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა გადაწყვეტილებების მიღების გაადვილებას ევროკავშირის დონეზე, რაც მისი წევრი ქვეყნების სიმრავლესთან ერთად, დროთა განმავლობაში, სულ უფრო რთულდებოდა. ამ მიზნით, ახალი ხელშეკრულება ვეტოს უფლების შემცირებას ითვალისწინებდა, სამაგიეროდ, ზრდიდა ევროპარლამენტისა და ეროვნული პარლამენტების უფლებებს. ცვლილებები შევიდა ხმის მიცემის პროცედურებში: 45-ზე მეტ სფეროში ერთსულოვნების პრინციპი შეიცვალა კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით.

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ თანაგადაწყვეტილების პროცედურა გავრცელდა პირველი სვეტის 83 სფეროზე და გადაწყვეტილების მიღების ამ ფორმას ევროკავშირის ნორმატიული აქტების მიღებისას ჩვეულებრივი პროცედურა (Ordinary Procedure) ეწოდა.

სხვა სიახლეებთან ერთად, ლისაბონის შეთანხმება ევროპელ მოქალაქეებს საკანონმდებლო ინიციატივას (European Ccitizens’ Initiative) უფლებასაც ანიჭებდა.

ინსტიტუტები

თავდაპირველად, თითოეულ ევროპულ გაერთიანებას (ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანებას, ევროპის ეკონომიკურ კავშირსა და ევრატომს) საკუთარი კომისია და საბჭო ჰქონდა. 1965 წელს ხელმოწერილი, ე.წ. შერწყმის ხელშეკრულებით (Merger Treaty), ეს ორგანოები გაერთიანდნენ და სამივე გაერთიანებისთვის საერთო კომისია და საბჭო არსებობდა. პარლამენტი, მართლმსაჯულების სასამართლო და აუდიტორთა სასამართლო კი შექმნის დღიდან  საერთო ორგანოები იყვნენ.

ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტებია: ევროპის პარლამენტი, ევროკავშირის საბჭო, ევროპული საბჭო, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო, აუდიტორთა სასამართლო და ევროპის ცენტრალური  ბანკი.

ევროპის პარლამენტი

1979 წლიდან ევროპული პარლამენტის პირდაპირი არჩევნები იმართება. ევროპის პარლამენტს ირჩევენ 5 წელიწადში ერთხელ,  ევროკავშირის მოქალაქეები. ის ევროკავშირში ერთადერთი პირდაპირი გზით არჩეული ინსტიტუტია. ევროპარლამენტის მთავარ საქმიანობას  ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე ევროპული კანონმდებლობის მიღება წარმოადგენს.

ევროპარლამენტის ძირითადი ფუნქციებია: საკანონმდებლო საქმიანობა, დემოკრატიული კონტროლი და ბიუჯეტის დამტკიცება. საკანონმდებლო ფუნქციის შესრულებისას არსებობს ორი ძირითადი პროცედურა:

  1. ორდინარული პროცედურა, რომელსაც ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე თანაგადაწყვეტილების პროცედურას უწოდებდნენ და რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი საკანონმდებლო ფუნქციას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს – ევროპარლამენტი საკანონმდებლო აქტებსა და გადაწყვეტილებებს საბჭოსთან ერთობლივად მიიღებს;
  2. სპეციალური პროცედურები: საკონსულტაციო პროცედურა, როდესაც ევროპარლამენტს მხოლოდ პოზიციის გამოხატვა შეუძლია და თანხმობის პროცედურა, როდესაც აქტის მიღებისას საჭიროა პარლამენტის თანხმობა. სპეციალური პროცედურები ხშირად არ გამოიყენება.

პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად. პარლამენტის დემოკრატიული კონტროლის ფუნქცია კი გამოიხატება იმაში, რომ ამტკიცებს ევროკომისიის წევრებს და შეუძლია მისთვის უნდობლობის გამოცხადება; შეუძლია, შექმნას საგამოძიებო კომიტეტები, ევროკავშირის სამართლის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით, მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელის შეტანა ევროკავშირის სხვა ორგანობის წინააღმდეგ და სხვა. გარდა ამისა, ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტები ანგარიშვალდებულნი არიან ევროპარლამენტის წინაშე.  საგარეო პოლიტიკის სფეროში ევროპარლამენტის კომპეტენციაში შედის გარკვეული საერთაშორისო შეთანხმების დადებისას, ასევე ახალი წევრი ქვეყნის მიღებისას თანხმობა. გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მიიღება, კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუმცა კომპეტენციის ცალკეულ ნორმებში განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს. მაგალითად, თანაგადაწყვეტილების პროცედურის ფარგლებში, გარკვეულ ეტაპებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა. ევროპარლამენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, თუმცა მას შეუძლია, ევროკომისიას კონკრეტულ საკითხზე კანონმდებლობის ინიცირებისკენ მოუწოდოს. ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლიდან ევროპარლამენტის შემადგენლობაში შედის 750 ევროპარლამენტარი და მისი პრეზიდენტი, სულ 751 წევრი.

ევროპარლამენტში წარმომადგენლობის განსაზღვრა ხდება დეგრესიული პრინციპით, როგორც ქვეყნების თანასწორობის, ისე მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ქვეყნების მიხედვით ხმების გადანაწილების კონკრეტული ფორმულა. დეგრესიული პრინციპის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დიდი სახელმწიფოები არაპროპორციულად არიან პარლამენტში წარმოდგენილნი, პატარა სახელმწიფოებთან შედარებით. მაგალითად, ყველაზე მცირერიცხოვან მალტაში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 0,4 მლნ ადამიანს, ევროპარლამენტში იგი წარმოდგენილია 6 ევროპარლამენტარით, რაც ნიშნავს პროპორციულად 66 ათას ადამიანზე 1 ადგილს პარლამენტში, მაშინ როდესაც გერმანია, რომლის მოსახლეობაც  82.5 მილიონს შეადგენს, ევროპარლამენტში 96 დეპუტატით არის წარმოდგენილი, რაც პროპორციულად 859 ათას ადამიანზე 1 ადგილის ფარდობის ტოლია. აღნიშნული კვოტები მოლაპარაკებების საფუძველზე დადგინდა.

ევროპარლამენტში ადგილების გადანაწილება წევრი ქვეყნების მიხედვით:

ავსტრია 18
ბელგია  21
ბულგარეთი  17
გერმანია 96
დანია 13
დიდი ბრიტანეთი 73
ესპანეთი 54
ესტონეთი  6
ირლანდია 11
იტალია 73
კვიპროსი 6
ლატვია 8
ლიტვა 11
ლუქსემბურგი 6
მალტა 6
ნიდერლანდების სამეფო 26
პოლონეთი 51
პორტუგალია 21
რუმინეთი 32
საბერძნეთი 21
საფრანგეთი 74
სლოვაკეთი 13
სლოვენია 8
უნგრეთი  21
ფინეთი 13
ხორვატია  11
შვედეთი 20
ჩეხეთი 21

ევროპარლამენტის წევრები დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას და არ ექვემდებარებიან წევრი სახელმწიფოების მითითებებს. ისინი ქმნიან ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ფრაქციის შექმნისათვის საჭიროა 25 პარლამენტარის თანხმობა, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინიმუმ ერთ მეხუთედს უნდა წარმოადგენდნენ.

2014 წლის არჩევნების შედეგად ევროპარლამენტის შემადგენლობა პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

ევროპის სახალხო პარტია – 221

სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი – 191

ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი – 70

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი – 67

ევროპელ გაერთიანებულ მემარცხენეთა და მწვანეთა მემარცხენე ჯგუფი – 52

ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი – 50

თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა – 48

თავისუფალი წევრები – 52

კვორუმი დგება იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის მინიმუმ ერთი მესამედი. პარლამენტის მთავარი სხდომები იმართება სტრასბურგში (საფრანგეთი), ხოლო დანარჩენი – ბრიუსელში (ბელგია). პარლამენტი მუშაობს კომიტეტებისა და პლენარული სესიების მეშვეობით. თითოეული წევრი სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე ეროვნული კანონმდებლობით არეგულირებს ევროპული არჩევნების გამართვის საკითხს.

ევროკავშირის საბჭო (Council of the European Union)
ევროკავშირის საბჭო შედგება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისგან. საბჭოს ყოველ შეხვედრას  ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოდან ესწრება განსახილველ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრი. ევროკავშირის საბჭოს აქვს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი უფლებამოსილებები. ევროკავშირის საბჭო  ევროკავშირის გადაწყვეტილებების ძირითადი მიმღები ორგანოა. იგი იზიარებს პასუხისმგებლობას ევროპულ პარლამენტთან ევროკავშირის კანონების მიღებაზე.

გარდა იმისა, რომ საბჭო ერთ-ერთი მთავარი საკანონმდებლო ორგანოა, მის ამოცანებში, ასევე, შედის პოლიტიკის განსაზღვრა და კოორდინაცია. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში საბჭო შეიმუშავებს საერთო პოზიციებს და იღებს გადაწყვეტილებებს ერთობლივი ღონისძიებების შესახებ.

ევროკავშირის საბჭო, ევროპულ პარლამენტთან ერთად, ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს, რომელსაც მას წარუდგენს ევროკომისია; ასევე, ამტკიცებს ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლოს და სხვა ორგანოების წევრებს. საბჭოს აქვს კონტროლის მექანიზმი ევროკომისიასა და ევროპარლამენტზე. სხვადასხვა წევრი სახელმწიფო  ექვსთვიანი პერიოდით, მონაცვლეობით იკავებს საბჭოს პრეზიდენტობას, თავმჯდომარეობს ამ შეხვედრებს და ადგენს საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგს. მონაცვლეობითი პრეზიდენტობა არ ეხება საგარეო საქმეთა საბჭოს, რომლის თავმჯდომარეა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი.

ლისაბონის ხელშეკრულებით,  მეტი ყურადღება ეთმობა ე.წ. სამეულის თავმჯდომარეობას, რომლის ფარგლებშიც სამი შემდგომი თავმჯდომარე სახელმწიფო ერთად მუშაობს. ქვეყნების კონცენტრირებისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, სამეულმა წარადგინოს 18-თვიანი პროგრამა. გარდა ამისა, სამეულის ყველა წევრი ერთად წარმართავს საბჭოს სხდომებს (საგარეო საქმეთა საბჭოს გამოკლებით). დანარჩენი 2 თანათავმჯდომარე ქვეყანა მხარს უჭერს იმ მომენტისათვის თავმჯდომარე ქვეყანას საერთო პროგრამის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ცალკეულ თავმჯდომარე ქვეყნებს კვლავინდებურად შეუძლიათ თავიანთი პრიორიტეტების ასახვა თავმჯდომარეობის 6 თვის ვადაში, მაგრამ სამეულმა უნდა გამონახოს საერთო საფუძველი და შეთანხმებას მიაღწიოს 18-თვიანი საერთო სამუშაო ჩარჩოს შესახებ.

წევრი ქვეყნების მინისტრების დონეზე საბჭო იკრიბება 9 სტრუქტურული ერთეულის სახით:

1.ზოგადი საკითხების საბჭო;

2.ეკონომიკისა და ფინანსების საბჭო;

3.მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა საბჭო;

4.დასაქმების, სოციალური პოლიტიკის, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა საკითხების საბჭო;

5.კონკურენციის საკითხთა საბჭო;

6. ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის საბჭო;

7.გარემოს დაცვის საბჭო;

8. სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის საბჭო;

9. ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის საბჭო.

საბჭო ასევე იკრიბება სხვა სტრუქტურული ერთეულის სახითაც. ეს არის საგარეო საქმეთა საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

საკანონმდებლო აქტების მიღების, ზოგადი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებისა და ევროკავშირის ბიუჯეტის განხილვის გარდა, ევროკავშირის საბჭო, ასევე, კოორდინირებას უწევს წევრი ქვეყნების ეროვნულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. 19 გადაწყვეტილების მიღება ხდება ჩვეულებრივი უმრავლესობით, კვალიფიციური უმრავლესობით ან ერთხმად. საბჭოში საკითხთა უდიდესი უმრავლესობა მიიღება ხმების კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით, დანარჩენ შემთხვევებში – ერთხმად (მაგალითად, საგარეო პოლიტიკის ან გადასახადების ჰარმონიზაციის საკითხების შემთხვევაში).

ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 31 მარტამდე იმოქმდებს წესი, რომლის თანახმადაც, კვალიფიციური უმრავლესობა შემდეგნაირად დაიანგარიშება: თითოეულ სახელმწიფოს აქვს ერთი ხმა (მანამდე თითოეულ ქვეყანას ჰქონდა გადანაწილებული ხმების გარკვეული რაოდენობა). კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა, თუკი მას მხარს დაუჭერს წევრ სახელმწიფოთა 55%. მომხრე სახელმწიფოთა რაოდენობა, მინიმუმ, 15 უნდა იყოს და ამ სახელმწიფოთა მოსახლეობა ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს შეადგენდეს. გადაწყვეტილების ბლოკირებისთვის აუცილებელია, მინიმუმ 4 წევრი სახელმწიფო იყოს წინააღმდეგი. ერთხმად გადაწყვეტილებები მიიღება ევროკავშირის მოქმედების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში, მაგ., იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭო კომისიის მიერ წარდგენილ წინადადებაში ცვლი ლებების შეტანას აპირებს. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ისევე როგორც სისხლის სამართლის საქმეში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ორგანოებისა (პოლიციები) და სასამართლოების თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ერთხმად მიიღება. ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად პროცედურულ საკითხებზე, საბჭოს გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია უბრალო უმრავლესობით, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტის თანხმობას.

ევროპული საბჭო (European Council)

ევროპული საბჭო შედგება წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და კომისიის პრეზიდენტთან ერთად. მის მუშაობაში მონაწილეობს  ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ევროპული საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასა და პრიორიტეტებს. მას არა აქვს საკანონმდებლო ფუნქციები. ევროპის საბჭო განიხილავს იმ რთულ და სენსიტიურ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც უფრო დაბალ დონეზე ვერ მოხერხდა. ევროპის საბჭო აყალიბებს ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას; ასევე, წარმოადგენს და ამტკიცებს კანდიდატებს გარკვეულ მაღალ თანამდებობებზე ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებებში, როგორებიცაა: ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროკომისია.  ევროპის საბჭო, როგორც წესი, იკრიბება ყოველ ექვს თვეში ორჯერ, პრეზიდენტის მოწვევით. თუ ვითარება მოით ხოვს, ის სპეციალურ სხდომას იწვევს. პრეზიდენტი ორნახევარი წლის ვადით ინიშნება, ერთჯერადი განახლებით (ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად). ევროპის საბჭო ჩვეულებრივ ბრიუსელში იკრიბება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულია ლისაბონის ხელშეკრულებით (2,5 წლით, მაქსიმუმ ორი ვადით) და მისი ძირითადი ფუნქციაა ევროპული საბჭოს სხდომების მომზადება. ეს ფუნქცია კრძალავს პარალელურად სხვა თანამდებობაზე ყოფნას. პრეზიდენტს ირჩევს ევროპული საბჭო, ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით.

ევროკომისია

ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს,  რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს (ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების გარდა). იგი პრაქტიკაში განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს. კომისია აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულების პროცესს. მას შეუძლია დამრღვევთა მიმართ ზომები მიიღოს და, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის სასამართლოსაც მიმართოს. კომისია შედგება პრეზიდენტისგან, შვიდი ვიცე-პრეზიდენტისგან (მათ შორისაა მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო და უსაფ რთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი) და 20 კომისრისგან – თითოეული წარმოადგენს ევროკავშირის ერთ ქვეყანას. კომისიის პრეზი დენტს ირჩევს  ევროკავშირის 28 მთავრობა და ამ ტკიცებს ევროპის პარლამენტი. სხვა კომისრები ნომინირებულნი არიან მათი ეროვნული მთავრობების მიერ, ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე და ამტკიცებს ევროპის პარლამენტი. ისინი არ არიან თავიანთი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები, არამედ თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი 5 წლის ვადით ირჩევა. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო არის ევროკავშირის ინსტიტუცია, რომელიც  მოიცავს მთელ სასამართლო სისტემას. იგი დაარსდა 1952 წელს და განთავსებულია ლუქსემბურგში. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო შედგება სამი ცალკეული სასამართლოსგან: მართლმსაჯულების სასამართლო (Court of Justice), ზოგადი სასამართლო (General Court) და საჯარო სამსახურის ტრიბუნალი (Civil Service Tribunal).

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო მიმართავს ევროკავშირის კანონების ინტერპრეტირებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესა თუ ის კანონი ერთნაირად გამოიყენებოდეს ყველა წევრ ქვეყანაში. მართლმსაჯულების სასამართლოში ყველა წევრ ქვეყანას ჰყავს ერთი მოსამართლე. მოსამართლეებს ეხმარებიან გენერალური ადვოკატები, რომელთა მთავარი მოვალეობაა, კომპეტენტური მოსაზრება გამოთქვან წარმოდგენილ საქმეებზე. ისინი ვალდებულნი არიან, თავიანთი უფლებამოსილება განახორციელონ საჯაროდ და მიუკერძოებლად. თითოეული მოსამართლე და გენერალური ადვოკატი ინიშნება ექვსი წლის ვადით (თუმცა შესაძლებელია ვადის გაგრძელებაც), ნაციონალურ მთავრობებთან შეთანხმებით. მოსამართლეები ირჩევენ პრეზიდენტს 3 წლის ვადით, ასევე გაგრძელების შესაძლებლობით. პრეზიდენტის მოვალეობაში შედის სასამართლოს მუშაობის წარმართვა; გარდა ამისა – სხდომებისა და საქმეების განხილვების წაყვანა. საქმეთა სიმრავლის გამო, ინდივიდების, კომპანიებისა და ორგანიზაციების საჩივრებს, ასევე კონკურენციის სამართალთან დაკავშირებულ საქმეებს იხილავს საერთო სასამართლო. ევროკავშირის საჯარო სამსახურის ტრიბუნალი~კი აგვარებს ევროკავშირსა და მის თანამშრომლებს შორის წამოჭრილ დავებს.

ევროკავშირის სასამართლო სისტემაში განიხილება შემდეგი სახის დავები:

  • დავა ევროკავშირის ორგანოებს შორის;
  • დავა ევროკავშირის ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის;
  • დავა წევრ სახელმწიფოებს შორის;
  • დავა იურიდიულ და ფიზიკურ პირთა და ევროკავშირის ორგანოებს შორის;
  • დავა ევროკავშირსა და მის თანამშრომლებს შორის.

ევროპის აუდიტორთა სასამართლო

ევროპის აუდიტორთა სასამართლო ამოწმებს ევროკავშირის ფინანსებს.  მისი მთავარი მიზანია: გააუმჯობესოს ევროკავშირის ფინანსური მართვა და მოამზადოს ანგარიში სახელმწიფო ფონდებიდან თანხის ხარჯვის პროცესზე; გაამახვილოს ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა სამუშაო ადგილები, ფასების კონტროლი და ა.შ. სასამართლო შეიქმნა 1977  წელს და მდებარეობს ლუქსემბურგში. აუდიტორთა სასამართლოს თანამშრომელთა შორის არიან აუდიტორები, თარჯიმნები და ადმინისტრატორები. აუდიტორები დაყოფილნი არიან აუდიტორულ ჯგუფებად. ისინი ამზადებენ ანგარიშებს სასამართლოსათვის.

სასამართლოს ჰყავს თითო წევრი ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან. მათ ნიშნავს საბჭო ექვსი წლის ვადით. სასამართლოს წევრები თავიანთი შემადგენლობიდან სამი წლის ვადით ირჩევენ პრეზიდენტს. აუდიტორთა სასამართლოს უფლება აქვს, შეამოწმოს ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირიდან ფინანსდება. სასამართლო ხშირად ადგილზე ამოწმებს. შემოწმების შედეგად მომზადებულ დასკვნებს აუდიტორები წარუდგენენ კომისიას და ევროკავ შირის ეროვნულ მთავრობებს. სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ევროპის პარლამენტისა და საბჭოსათვის გასული ფინანსური წლის შესახებ ანგარიშის წარდგენა. აუდიტორთა სასამართლო ასევე ვალდებულია, გამოთქვას მოსაზრება ევროკავშირის ფინანსურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და თაღლითობასთან ბრძოლის მიმართულებით.

ევროპის ცენტრალური ბანკი
ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ევროპის ცენტრალური ბანკი, დაარსდა 1998 წელს და მდებარეობს ფრანკფურტში (გერმანია). ევროპის ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია ევროკავშირის ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე. ბანკის მთავარი მიზანია: 1) ფასების სტაბილურობა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ევროს იყენებენ  და 2) ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების კონტროლის გზით შეინარჩუნოს სტაბილური ფინანსური სისტემა. ევროპის ცენტრალური ბანკი თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან და ერთად ქმნიან ცენტრალური ბანკების ევროპულ სისტემას. იმ ქვეყნების ბანკების თანამშრომლობას, სადაც ევრო ოფიციალურ ვალუტადაა გამოცხადებული, ეწოდება ევროსისტემა.

ევროპის ცენტრალური ბანკის სტრუქტურაა: 1) აღმასრულებელი საბჭო ხელმძღვანელობს ბანკის ყოველდღიურ საქმიანობას და შედგება 8 წლის ვადით დანიშნული 6 წევრისაგან – პრეზიდენტისგან, ვიცე-პრეზიდენტისა და დამატებით 4 წევრისგან; 2) მმართველი საბჭო – განსაზღვრავს ევროზონის მონეტარულ პოლიტიკასა და საპროცენტო განაკვეთებს; 3) გენერალური საბჭოხელს უწყობს საკოორდინაციო და საკონსულტაციო საქმიანობასა და ევროზონაში ახალი წევრების მიღებას. საბჭო შედგება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული ცენტრალური ბანკის მმართველისაგან.

ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური

სამსახური ლისაბონის ხელშეკრულებამ ბიძგი მისცა ევროპის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ჩამოყალიბებას. იგი, პრაქტიკულად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის ფუნქციას ასრულებს; ამასთან წარმართავს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და მუშაობს საგარეო პოლიტიკისა და წარმომადგენლობის სხვა სფეროებშიც. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური ექვემდებარება და დახმარებას უწევს უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. გარდა ამისა, მას მოეთხოვება ევროსაბჭოსა და კომისიის პრეზიდენტების მხარდაჭერაც. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურმა სრული დატვირთვით მუშაობა 2010 წელს დაიწყო. ის თანამშრომლობს წევრი ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებთან და თავს უყრის გენერალური სამდივნოსა და ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი დეპარტამენტების მოხელეებს, ისევე, როგორც ეროვნული დიპლომატიური სამსახურების დამხმარე კადრებს.

უმაღლესი წარმომადგენლისათვის დახმარების გაწევა ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ძირითადი ფუნქციაა. ისეთი საკითხები, როგორებიცაა გაფართოება და ევროპის სამეზობლო სტრატეგია, კომისიის პასუხისმგებლობის ქვეშ არის, თუმცა ნაწილობრივ მაინც ექვემდებარება უმაღლეს წარმომადგენელს, როგორც კოორდინატორს, რომელიც, ამავდროულად, კომისიის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია. უმაღლესი წარმომადგენელი და ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური მიმართავენ სტრატეგიებს, რომლებიც შეთანხმებულია წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის საბჭოსთან. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური ამ შეზღუდვების ფარგლებში მოქმედებს. ევროპის საგარეო ურთიერთობის სამსახური არ მიიჩნევა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად ინსტიტუტად, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ეხმარება ევროკავშირის ინსტიტუტებს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა

2003 წლის მარტში ევროკავშირმა წარმოადგინა დოკუმენტი ,,გაფართოებული ევროპა – მეზობლობა: ახალი   ჩარჩო აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობისათვის,” რომელიც ევროკავშირის საბჭომ მოიწონა და მიიჩნია სასურველ პლატფორმად პოლიტიკური მიმართულების განსაზღვრისათვის ახალ მეზობლებთან ურთიერთობაში. საბჭომ სთხოვა ევროკომისიას, წარმოედგინა წინადადებები სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად უკრაინისათვის, მოლდოვისათვის და სამხრეთი ხმელთაშუაზღვისპირეთის იმ პარტნიორი ქვეყნებისათვის, რომლებთანაც ევროკავშირს ასოცირების შეთანხმებები აქვს. 2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მოიწონა ევროკომისიის მიერ შემუშავებული ,,ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგია,” რომლის საფუძველზე მოხდა სამხრეთი კავკასიის სამი ქვეყნის ჩართვა ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში.”  

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP) გახლავთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მისი საზღვრების სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში და იგი აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მიზანია მეზობელ ქვეყნებს გაუნაწილოს ევროკავშირის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი კი გახლავთ სურვილი, დაეხმაროს მეზობელ ქვეყაებს შიდა რეფორმების განხორციელებაში. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა მოწოდებულია ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთდაახლოების პროცესის მხარდაჭერისაკენ, რაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელებით, ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეის განხორციელებას ემსახურება.

ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში 16 ქვეყანა: ალჟირი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ეგვიპტე, იორდანია, ისრაელი, ლიბანი, ლიბია, მოლდოვა, მაროკო, პალესტინა, საქართველო, სირია, სომხეთი, ტუნისი და უკრაინა არიან ჩართულნი. აღნიშნული ქვეყნებიდან ოთხი ქვეყანა – ალჟირი, ბელარუსი, ლიბია და სირია ნაწილობრივ მონაწილეობენ სამეზობლო პოლიტიკის ცალკეულ საკითხებში, ხოლო დანარჩენი 12 ქვეყანა სრულად არის ჩართული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში.

ევროკომისიის მიერ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება მის მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით მომზადებული, ქვეყნის ან რეგიონის მიმართ შემუშავებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმების საფუძველზე ხორციელდება. აღნიშნულ სამოქმედო გეგმებში ევროკომისია განსაზღვრავს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებს, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს მოცემული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება.

სამოქმედო გეგმა სამეზობლო ინიციატივის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში საერთო პრინციპებს ეყრდნობა, თუმცა მისი შინაარსი განსხვავდება კონკრეტულ ქვეყანასთან თანამშრომლობის არსებული დონის, ქვეყნის საჭიროებებისა და საერთო ინტერესების შესაბამისად. სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მონიტორინგს ევროკავშირის სპეციალური კომისია და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (European External Action Service) ახორციელებს, ხოლო, წელიწადში ერთხელ, ევროკავშირი აქვეყნებს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა ეფუძნება რიგი ღონისძიებების განხორციელებასა და მჭიდრო თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:

  • ფინანსური დახმარება – ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ცალკეული ქვეყნებში შესაბამისი პროექტების დასაფინანსებლად 2007-2013 წლებში გამოიყო 12 მილიარდი ევრო;
  • ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის ბაზარზე დაშვება;
  • ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნების ტექნიკური და საჯარო პოლიტიკის ცალკეულ სფეროებში რეფორმების მხარდაჭერა.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა, ასევე, ხორციელდება მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდეგ ფორმატებში:

2015 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი კომუნიკაცია ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ეკონომიკური და სოციალური კომიტეტისა და რეგიონების კომიტეტის მიმართ, რომელიც ეხება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) გადახედვის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი საჯარო კონსულტაციები, რის შედეგადაც ევროკავშირმა მიიღო 250 გამოხმაურება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. დოკუმენტის თანახმად, ახალი ENP-ი ძირითადი პოლიტიკური ორიენტირი სტაბილიზაციის ხელშეწყობაა მთლიანად სამეზობლოში, რაც გულისხმობს არასტაბილურობის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრას ყველა დარგში. ამ მიზნით ENP-ი ითვალისწინებს გაძლიერებულ თანამშრომლობას მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით:

  • დემოკრატია, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, საჯარო ადმინისტრირების, კორუფციის წინააღდეგ ბრძოლის ხელშეწყობა;
  • ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკის მოდერნიზაციის, ინოვაციების წახალისების, სამუშაო ადგილების შექმნის, საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების და ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული თანასწორობის უზრუნველყოფის გზით;
  • ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნით. ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით, დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული, ალტერნატიული რეალისტური მექანიზმების შემუშავებას იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელთაც არ სურთ ეკონომიური ინტეგრაციის აღნიშნული ფართო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან;
  • ეკონომიკური მოდერნიზაცია და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევების, სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობების წახალისებას;
  • დასაქმების ხელშეწყობა შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ცოდნის ამაღლების გზით. ამ კონტექსტში ახალი ENP-ი განსაკურებულ ყურაღებას აქცევს ახალგაზრდების დასაქმების წახალისებას;
  • ტრანსპორტი და კავშირურთიერთობების განვითარება ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების აღმოსავლეთ პარტნიორებზე გავრცობის გზით;
  • ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერება;
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, რაც გულისხმობს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობას პარტნიორ ქვეყნებში, ტერორიზმის, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას;
  • მიგრაცია და მობილურობა, რაც გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებთან გაძლიერებულ თანამშრომლობას როგორც არალეგალური და იძულებითი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ლეგალური გადაადგილების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მზად არის წაახალისოს შრომითი მიგრაციის ახალი სქემის შემუშავება წევრ ქვეყნებთან კოორდინაციით. 

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული მიზნების მისაღწევად ევროკავშირი გააძლიერებს თანამშრომლობას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან, ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში განსაზღვრული ფინანსური სახსრების გარდა, დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

www.000webhost.com