საქონლის თავისუფალი გადაადგილება

ბელგიური კანონმდებლობის თანახმად, ბელგიაში იმპორტირებულ პროდუქტს, რომელზეც აღნიშნული იყო წარმოშობის ქვეყანა, აუცილებელი იყო ჰქონოდა ექსპორტიორი ქვეყნიდან წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებდა წარმოშობის ფაქტს. გუსტავ დასონვილმა (Gustav Dassonville), რომელსაც ბიზნესი ჰქონდა საფრანგეთში, და მისმა შვილმა, რომელიც მამის საწარმოს ფილიალს უძღვებოდა,1970 წელს ბელგიაში საფრანგეთიდან შეიტანეს „ჯონი ვოლკერისა“ (Johnnie Walker) და „ვატ 69“ (Vat 69) მარკის შოტლანდიური ვისკი (Scotch Whisky), რომელსაც ბრიტანეთის შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული სერტიფიკატი არ ახლდა თან. შოტლანდიური ვისკის ბრიტანეთიდან საფრანგეთში შეტანის შემდგომ (ანუ საქონლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების შემდგომ) სერტიფიკატის მოპოვება ძალიან რთულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული და მისი მოპოვება თითქმის შეუძლებელიც კი იყო. ბოთლებზე გაკეთებულ ეტიკეტებზე იყო წარწერა — „ბრიტანული საბაჟოს წარმოშობის სერტიფიკატი“ (British Customs Certificate of Origin). გარდა ამისა, მასზე იყო წარწერა ფრანგული საბაჟო რეგისტრიდან საქონლის გასაღებაზე ნებართვის ნომრისა და ამ ნებართვის გაცემის თარიღის შესახებ. ეს ნებართვა იყო ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც, ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით, იმ პროდუქციასთან ერთად უნდა ყოფილიყო, რომელიც წარმოშობის ადგილის სახელწოდებას ატარებდა. ბელგიაში წარმოშობის ადგილით დასახელებული „შოტლანდიური ვისკი“ დაშვებული იყო, თუმცა იკრძალებოდა ისეთი სპირტიანი სასმელის შემოტანა-გასაღება, რომელსაც არ გააჩნდა წარმოშობის ქვეყნიდან შესაბამისი დოკუმენტი, საიდანაც ჩანდა, რომ იგი კანონიერად ატარებდა ამ სახელწოდებას. რადგანაც ასეთი დოკუმენტი დასონვილების პროდუქციას არ გააჩნდა, Dassonville-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ის მიიჩნევდა, რომ ბელგიის კანონმდებლობის მოთხოვნები წარმოადგენდა რშეზ-ს. საქმის განმხილველმა ბრიუსელის სასამართლომ მიმართ კითხვით მართლმსაჯულების სასამართლოს:

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო:

ყველა სავაჭრო ზომა, რომელიც მიღებულია წევრი ქვეყნების მიერ და რომელთაც შეუძლიათ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფაქტობრივად ან პოტენციურად შეზღუდონ გაერთიანების ფარგლებში ვაჭრობა, მიჩნეულ უნდა იქნეს რაოდენობრივი შეზღუდვის ექვივალენტური ეფექტის მქონე ზომებად. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს გაერთიანების მიერ დადგენილი სისტემა წარმოშობის ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც მომხმარებლებისთვის ავთენტურობის გარანტიას ქმნის, და იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფო მიიღებს ზომას, რომელიც ასეთი გარანტიის შექმნას ისახავს მიზნად, აღნიშნული ზომა უნდა იყოს რაციონალური და წარმოშობის დოკუმენტის დამადასტურებელი დოკუმენტის მტკიცებულების მოთხოვნა არ უნდა იყოს ისეთი, რომ შეზღუდოს ვაჭრობა წევრ ქვეყნებს შორის და ამ ტიპის დოკუმენტის მოპოვება ხელმისაწვდომი უნდა იყოს გაერთიანების ყველა მოქალაქისთვის. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ასეთი ზომები გათვალისწინებული 36-ე მუხლით, ამავე მუხლის მეორე წინადადების თანახმად, ზომები არ უნდა იყოს დაუსაბუთებლად დისკრიმინაციული და შეფარვით შემზღუდავი ხასიათის, რომელიც შეაფერხებს წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობას. შესაბამისად, წევრი ქვეყნის მიერ დადგენილი მოთხოვნა წარმოშობის ქვეყნის სერტიფიკატის სავალდებულო ქონაზე, რომლის მოპოვება რთულია იმ იმპორტიორისთვის, რომელმაც თავისუფალ ვაჭრობაში ჩაშვებული პროდუქტის შეტანა გადაწყვიტა არა უშუალოდ წარმოშობის ქვეყნიდან, არამედ სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიიდან, წარმოადგენს რაოდენობრივი შეზღუდვის ექვივალენტური ეფექტის მქონე ზომას.


×