საადვოკატო საქმიანობის რეკლამირება

მოსარჩელემ, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ეწევა, ჯერ კიდევ 2013 წელს გაავრცელა კალენდრები შიშველი და თითქმის შიშველი ქალების გამოსახულებით, რომლებზეც ასევე დატანილი იყო მითითება მისი საადვოკატო ბიუროს შესახებ. ამისათვის მას საყვედური გამოეცხადა ადვოკატთა პალატისაგან, ადვოკატებისათვის დადგენილი საქმიანი რეკლამირების წესის (§ 43b Bundesrechtsanwaltsordnung (BRAO)) დარღვევისათვის. ადვოკატთა პალატისაგან ასევე უარყოფითად იქნა შეფასებული მათ მიერ 2013 წელს ფინჯნების გავრცელებით განხორციელებული ეგრეთ წოდებული „შოკრეკლამა“.
ადვოკატთა პალატის აკრძალვა თავდაპირველად დადასტურებული იქნა ადვოკატთა სასამართლოს მიერ (გერმანიაში ადვოკატთა საქმეების განმხილველი სასამართლოები არსებობს ცალკე, უმაღლესი ინსტანცია (Bundesgerichtshof in Anwaltssachen) კი შედის ფედერაციულ უმაღლეს სასამართლოში (BGH), ერთ-ერთი პალატის სახით.), შემდგომში კი უმაღლესმა ფედერალურმა სასამართლომაც დაადასტურდა. 2015 წელს მოსარჩელემ კიდევ შეუკვეთა ახალი, შავ-თეთრი ფორმატის კალენდარი სრულიად შიშველი, ან მცირედ შემოსილი ქალების გამოსახულებით. კალენდარის ვიზუალური გაფორმება მოიცავდა თავსართს (თავფურცელს), რომელიც მის საადვოკატო ბიუროზე აკეთებდა მითითებას. მას შემდეგ რაც მოხდა კალენდრების გავრცელება და ადვოკატთა პალატამ შეიტყო ამის შესახებ, მოსარჩელის მიმართ განმეორებით იქნა დაწყებული პროცესი ზემოხსენებული წესების დარღვევისათვის. მოსარჩელე შეეცადა ამ პროცესში თავის დაცვის მიზნით გამოეყენებინა საადვოკატო საქმიანობის დაზღვევა, თუმცა ეს უარყოფილ იქნა დამზღვევისაგან, რადგან სადაზღვევო შემთხვევის დადგომა განპირობებული იყო მოსარჩელის მხრიდან განზრახი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებით. ეს კი სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებით, წარმოადგენდა დაზღვევის გამორიცხვის საფუძველს.
ამის შემდგომ მოსარჩელე უკვე სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით შეეცადა საადვოკატო საქმიანობის დამზღვევისათვის დაეკისრებინა შესაბამისი ვალდებულება. მისი არგუმენტაცია მდგომარეობდა შემდეგში: მის მიერ 2015 წელს გავრცელებული კალენდრები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 2013 წელს გამოყენებული ფორმატისაგან და ამის შედეგად ხელოვნების თავისუფლების დაცვის სფეროში ექცეოდა. ის თვითონ იყო დაკავებული სახელოვნებო საქმიანობით, რაც გამოიხატებოდა კალენდრების ზედა ნაწილის შესაბამისი გაფორმებით. გარდა ამისა, იგი მიუთითებდა, რომ ადვოკატთა სასამართლო, რომელმაც 2013 წლის შემთხვევაზე იმსჯელა, მეტისმეტად უმნიშვნელო იყო იმისათვის, რომ მისი გადაწყვეტილებების დასკვნები სავალდებულო ძალით გავრცელებულიყო სამართლებრივ ურთიერთობებზე. აქედან გამომდინარე, იგი ამტკიცებდა, რომ მას განზრახ არ უმოქმედია.
კოლნის სამხარეო სასამართლომ უარყო სარჩელი.
სასამართლოს მოსაზრებით, ადვოკატთა ფედერალური რეგლამენტის 43-ე მუხლის მიხედვით (§ 43b BRAO) კალენდრები წარმოადგენდა დაუშვებელ რეკლამირებას, ვინაიდან კალენდრებზე გამოსახულ ფოტოებს არანაირი შემხებლობა არ გააჩნდათ საადვოკატო საქმიანობასთან. კალენდრის თავსაბურავით გაფორმებაც არ წარმოადგენდა სახელოვნებო საქმიანობას, გერმანიის კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის (Art. 5 Abs. 3 GG) გაგებით, რამდენადაც ცალსახა იყო, რომ ეს მოსარჩელის ქმედება შემოქმედებით მიდგომას კი არა, § 43b BRAO მუხლის რეგულაციისთვის გვერდის ავლას წარმოადგენდა. შემოქმედებითი მოტივი იყო მხოლოდ გამოყენებული.

და ბოლოს, ქმედება იყო განზრახი, რაც ვლინდებოდა მოსარჩელის მიერ § 43b BRAO მუხლის გვერდის ავლის აშკარად გამოხატულ ზრახვაში და საზოგადოების მხრიდან ყურადღების მიპყრობის მიზანში. გარდა ამისა, მას არ შეეძლო მიეთითებინა საადვოკატო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ უმნიშვნელობაზე, რამდეადაც, მის მიერ ფინჯნების გავრცელების ე.წ. „შოკაქცია“ უკვე გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს მიერ იყო ნეგატიურად შეფასებული.

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადვოკატს არ შეუძლია რეკლამირება გაუწიოს თავის საქმიანობას, შიშველი ან მცირედ ჩაცმული ქალების გამოსახულებით.

წყარო: http://justillon.de/2017/04/rechtsanwalt-werbung-nackte-frauen/

×