სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა

სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლთ დადგენილია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შემდეგი ხანდაზმულობის ვადები: ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; თხუთმეტი წელი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–2421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს; ოცდახუთი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. აღნიშნული ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება თითოეული დანაშაულისათვის. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება აგრეთვე იმ ვადით, რა დროშიც პირს იცავს იმუნიტეტი. საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

×