პირობითი მსჯავრი

წარმოადგენს განაჩენის აღსრულების გადავადების სპეციალურ ფორმას, რომელიც შეიძლება სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნეს, თუ მხარეებს შორის დადებულია → საპროცესო შეთანხმება. პირობითი მსჯავრის გამოყენების შემთხვევაში პირს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ჩაეთვლება პირობითად. თუ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი და მან პირველად ჩაიდინა დანაშაული, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით, თუ მას ჩადენილი არა აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. პირობითი მსჯავრის დროს შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი (სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი). პირობითი მსჯავრის გამოყენების დროს სასამართლო ადგენს → გამოსაცდელ ვადას და ამასთან ერთად, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, მაგალითად, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი და ა. შ. (სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლი). პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს, რომელსაც ახორციელებს პრობაციის ბიურო, ხოლო პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის მიმართ აღნიშნულ კონტროლს ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელძღვანელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლი). სასამართლოს შეუძლია იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებს კონტროლსა და დახმარებას პირობით მსჯავრდებულის მიმართ, გააუქმოს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს მოუხსნას ნასამართლობა, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას. ამასთან ერთად, სასამართლოს შეუძლია კონტროლის ორგანოს წარდგინებით გააგრძელოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს ერთი წლით, თუ პირობით მსჯავრდებულმა თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის გამოც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს განაჩენთა ერთობლიობის დროს → სასჯელის დანიშვნის წესით. სასამართლოს მიერ ახალი განზრახი დანაშაულისათვის სასჯელის სახედ, თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, ხელმეორედ პირობითი მსჯავრის დანიშვნა არ შეიძლება. აღნიშნულიდან გამონაკლისი დაიშვება და პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან (სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლი). თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ახალი დანაშაული არ ჩაიდინა და შეასრულა კანონის მოთხოვნა, განაჩენი, რომლითაც პირობითი მსჯავრი დაინიშნა ძალას კარგავს და პირს ნასამართლობა უქარწყლდება (სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტი).

×